მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა მედიაში გავრცელებულ ჭორებს წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ კლუბი მაიკლ ოლისეს გაყიდვას არანაირ ფასად არ აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის რეალის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი 24 წლის ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ამზადებდა, რათა ის მოურინიოს მომავალი გუნდის მთავარ ძალად ექცია.
მიუნხენური ვეტო მადრიდულ ამბიციებს
ბაიერნის პრეზიდენტმა Bild-თან ინტერვიუში პერესს ღიად მიმართა: „მაიკლ ოლისეს ბაიერნთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს და ჩვენ წამყვან მოთამაშეებს არ ვყიდით. ფლორენტინო პერესს შეუძლია ტყუილუბრალოდ არც კი შეეცადოს ოფიციალური შეთავაზების გამოგზავნას“.
ამ პოზიციაზე კლუბის მთელი ხელმძღვანელობა, მათ შორის ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე, სრულად ერთიანია. მიუხედავად იმისა, რომ პერესმა ტელევიზიით უარყო 150-მილიონიანი შეთავაზების არსებობა, მიუნხენში აცხადებენ, რომ ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი 2029 წლამდე აქვს, ტრანსფერზე საერთოდ არ დგას.
ბარსელონა ბაიერნის ტალანტს აკვირდება
პარალელურად, ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, რომ კატალონიის ბარსელონამ სატრანსფერო სიის სათავეში ბაიერნის ახალგაზრდა ტალანტი, ლენარტ კარლი შეიყვანა. ესპანური კლუბის სკაუტები რამდენიმე პერსპექტიულ მოთამაშეს აკვირდებიან, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატი დიდ სარბიელად უნდა გამოეყენებინათ.
კარლის გარდა, ბარსელონას ინტერესის სფეროში ლევერკუზენის ბაიერის იბრაჰიმ მაზა (რომელიც მუნდიალს ტრავმის გამო ტოვებს), ნიუკასლელი ლუის მაილი, აზ ალკმაარის კეს სმიტი და პორტუს პლეიმეკერი როდრიგო მორა მოხვდნენ. მიუხედავად ტრავმებისა და სხვადასხვა გარემოებებისა, კატალონიელები ამ ხუთეულს აქტიურად აკვირდებიან.