ფლორენტინო პერესმა მადრიდის რელის არჩევნებში მოიგო.
ფლორენტინო პერესი ხელახლა აირჩიეს მადრიდის რეალის პრეზიდენტად. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პრეზიდენტი სასტუმრო ევრობილდინგში მივიდა, სადაც მადრიდისტებს სიტყვით მიმართა და ამ დღეს კლუბისთვის ბედნიერი უწოდა.
პერესის განცხადებით, მან ყველა საარჩევნო მაგიდაზე გაიმარჯვა და ეს შედეგი კლუბის საარჩევნო ისტორიაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელია. ამ გამარჯვებით მას სრული მანდატი ეძლევა, რათა ახალი საფეხბურთო პროექტის შენება დაიწყოს, რომელიც წინასაარჩევნო დაპირებებიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადავა.
პრეზიდენტის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა ჟოზე მოურინიოს დაბრუნება იყო. პერესმა აღნიშნა, რომ კლუბი ამაყობს პორტუგალიელის დაბრუნებით, რომელიც გუნდს სათავეში ჩაუდგება და ახალ რეალს კილიან მბაპეს, ვინისიუს ჟუნიორისა და ჯუდ ბელინგემის გარშემო ააშენებს.
გარდა ამისა, მოურინიოს სამწვრთნელო შტაბს გუნდის ყოფილი მცველი პეპეც შეუერთდება, რომლის გამოცდილებაც მადრიდელთა დაცვის ხაზის გაძლიერებაში დიდ როლს ითამაშებს.
პერესმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მადრიდის რეალი ბრძოლას ჩემპიონთა ლიგის მე-16 ტიტულისთვის იწყებს, რისთვისაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის ბალანსის დაცვა და დაცვის გაძლიერება იქნება პრიორიტეტი.
სიტყვის დასასრულს პერესმა იხუმრა კიდეც და აღნიშნა, რომ ხვალ რომის პაპს შეხვდება და რეალის მაისურს გადასცემს, რომელზეც პაპის სახელი და პირველი ნომერი იქნება გამოსახული.
არჩევნები დასრულდა და სამეფო კლუბში ახალი ციკლი უკვე ოფიციალურად დაიწყო.