ბარსელონამ შესაძლოა პერუში ჩაატაროს თამაში.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში ამხანაგური მატჩის დეკემბერში ჩატარებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ამ მატჩმა ბლაუგრანას 7-8 მილიონი ევრო უნდა მოუტანოს, რის გამოც კლუბი მზადაა, რომ ამ შემოთავაზებას დათანხმდეს.
გუშინ ჟოან ლაპორტა ბარსას კაპიტნებს, მთავარ მწვრთნელს და სპორტულ დირექტორ დეკუს შეხვდა და კლასიკოში მარცხის მიუხედავად სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ამ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყველას აცნობა, რომ კლუბი ფინანსური სარგებლის გამო პერუში თამაშზე დათანხმებას აპირებს.
სავარაუდოდ, აღნიშნული ამხანაგური შეხვედრა 2025 წლის ბოლო ოფიციალური მატჩის შემდეგ ჩაინიშნება. კატალონიელები უკვე დაუკავშირდნენ ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციას, რათა დაედგინათ ზუსტი თარიღი, თუ როდის იწყება საშობაო არდადეგები.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგა ვილიარეალისა და ბარსელონას მატჩის მაიამიში ჩატარებას აპირებდა, რაც თითო კლუბს 6-დან 7 მილიონამდე მოუტანდა, თუმცა საბოლოოდ, ფეხბურთელების და კლუბების პროტესტის გამო, ამ იდეაზე უარი ითქვა.
პერუში ამხანაგური მატჩის ჩატარების მსგავსი შეთავაზება ბარსამ ოქტომბერში ლიბიაზეც მიიღო, თუმცა უსაფრთხოების გამო უარი თქვა. აფრიკულ ქვეყანაში თამაშს ატლეტიკო დათანხდა, რომელმაც ამხანაგური მატჩი ინტერთან ჩაატარა და თითო კლუბმა ამაში 3-3 მილიონი ევრო მიიღო.
ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება ბარსას მეტოქე აღნიშნულ შეხვედრაში, თუ მატჩის ჩატარება საბოლოოდ მართლაც გადაწყდა.