მონაკოში წარმატებული იჯარის შემდეგ, ანსუ ფატიმ ძველი ფორმა და გოლის გატანის ალღო დაიბრუნა, თუმცა ბარსელონაში მისი დიდებული დაბრუნების გეგმა ჩაიშალა.
მიუხედავად თავად 23 წლის ფეხბურთელის დიდი სურვილისა, კატალონიურ კლუბს მასთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები აქვს.
ბრაიტონში გატარებული მძიმე პერიოდის შემდეგ, ფატიმ საფრანგეთის ჩემპიონატში კარიერის რეაბილიტაცია შეძლო და მონაკოს შემადგენლობაში 30 მატჩში 12 გოლი გაიტანა. რობერტ ლევანდოვსკის წასვლის ფონზე, ფატის იმედი ჰქონდა, რომ ბარსელონას თავდასხმის ხაზში ადგილს კვლავ დაიკავებდა. მონაკო მზად არის ფეხბურთელის გამოსასყიდი 11-მილიონიანი პუნქტი გაააქტიუროს, თუმცა თავად ანსუს გული მაინც ესპანეთისკენ მიუწევდა.
მიუხედავად ფეხბურთელის სურვილისა, ბარსელონას ხელმძღვანელობა მის დაბრუნებას საერთოდ არ განიხილავს. კლუბის მთავარი პრიორიტეტი ფინანსური ბალანსის გაუმჯობესება და სახელფასო ფონდის შემცირებაა. ფატის მონაკოში საბოლოო გაყიდვა კატალონიელებს არა მხოლოდ სატრანსფერო თანხას მოუტანს, არამედ წელიწადში 12 მილიონ ევროს დაუზოგავს, რაც მის მაღალ ხელფასზე მოდის.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონას ფატის პირველ გუნდში დაბრუნება სერიოზულად არც უფიქრია. ფეხბურთელი, რომელიც ერთ დროს ლიონელ მესის მემკვიდრედ მიიჩნეოდა, კლუბისთვის ზედმეტი ტვირთი გახდა და მისი ტრანსფერზე დაყენება საბოლოოდ გადაწყდა.