მადრიდის რეალის გალაქტიკოსების წყვილის იდეალური თანაარსებობა საფრთხეშია.
ესპანური მედიის ცნობით, ვინისიუს ჟუნიორსა და კილიან მბაპეს შორის გავლენების, ბრენდინგისა და ლიდერობისთვის ნამდვილი ომი მიმდინარეობს, რის გამოც ფრანგი ვარსკვლავი გუნდში იზოლირებული აღმოჩნდა.
El Chiringuito TV-ს ინფორმაციით, მბაპეს გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ვინისიუსი სპეციალურად ცდილობს კილიანის წარმოჩენას გუნდის მთავარ ბოროტმოქმედად. მბაპეს კლანის აზრით, ეს ურთიერთობა უკვე ტოქსიკური გახდა და ბრაზილიელი ყველაფერს აკეთებს, რათა ფრანგს სახელი როგორც საზოგადოებაში, ისე თანაგუნდელებში გაუტეხოს.
სიტუაციას მწვრთნელ ალვარო არბელოასთან დაპირისპირებაც ამწვავებს. მბაპემ საჯაროდ გამოხატა პროტესტი და თქვა, რომ მწვრთნელმა ის გუნდში მეოთხე თავდამსხმელად გამოაცხადა. გარდა ამისა, კლუბმა კილიანი იტალიაში მოგზაურობის გამო გაკრიტიკებისგან გვიან დაიცვა, რამაც ფეხბურთელს დაუცველობის განცდა გაუჩინა. გასახდელში მბაპეს მხარდამჭერი ჯგუფი არ ჰყავს, რადგან დაჯგუფებებს ყოველთვის ერიდებოდა, ახლა კი კრიტიკის წინაშე სრულიად მარტო დარჩა.
მბაპეს ერთადერთი ძლიერი ზურგი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია, რომელიც ფრანგს ბოლომდე ენდობა. თუმცა, თუ ჭორები გამართლდება და რეალში ალვარო არბელოას ნაცვლად ჟოზე მოურინიო დაბრუნდება, პორტუგალიელის მთავარი გამოცდა არა ტაქტიკა, არამედ გასახდელში ამ ორი სუპერვარსკვლავის ეგოების დაშოშმინება იქნება.