ესპანელმა ბიზნესმენმა, ენრიკე რიკელმემ, მადრიდის რეალის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ფაქტობრივად დაადასტურა.
„ეს შესაძლოა მადრიდის რეალის ბოლო არჩევნები იყოს, რადგან პრივატიზაცია ახლოვდება, ან ყოველ შემთხვევაში, ასე აანონსებენ. მათ, ვინც ამ პრივატიზაციას არ ვეთანხმებით, გვაქვს ეთიკური და მორალური ვალდებულება, უზრუნველვყოთ, რომ რეალი კვლავ მისი სოსიოების (წევრების) საკუთრებაში დარჩეს და ამ სოსიოებს კლუბში უფრო განსაკუთრებული ადგილი ჰქონდეთ.
მივიღებ თუ არა მონაწილეობას რეალის არჩევნებში? დღეს ამას არ გეტყვით, რადგან ზუსტად ჯერ კიდევ არ ვიცი; ჩვენ ვმუშობთ ამაზე, ხუთი დღე გვაქვს და დღეიდან შაბათამდე ყველაფერს გავაკეთებთ საუკეთესო პროექტის მოსამზადებლად. არის საკითხები, რომლებზეც დიდი ხანია მიდის მუშაობა. თუ ამ ნაბიჯს გადავდგამთ, რაც ძალიან მინდა, ეს იქნება საოცრად ამაღელვებელი პროექტი, მათ შორის სპორტული თვალსაზრისითაც.
იმ ფეხბურთელების გვარები, რომელთა გაფორმებასაც ვგეგმავ? ამას ახლა ვერ გეტყვით, რადგან ისინი სხვა კლუბებში თამაშობენ. მე მივიჩნევ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ჩემი ეთიკური და მორალური ვალდებულებაა. ჩვენ გვქონდა სტრატეგია 2028 წლისთვის, თუმცა ახლა, შესაძლოა, ყველაფრის ვადაზე ადრე გაკეთება მოგვიწიოს.
ხვალ ოფიციალურად წარვადგენ ჩემს საარჩევნო დოკუმენტებს მადრიდის რეალში. ხოლო შაბათს, საჯაროდ გამოვაცხადებ ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებას.“ - აღნიშნა რიკელმემ.
პრივატიზაცია, რომელზეც ენრიკე რიკელმე საუბრობს, გულისხმობს მადრიდის რეალის გარკვეული წილის (საუბარია 10%-ზე) გაყიდვას კერძო ინვესტორებზე. ამის გაკეთებას რეალის მოქმედი პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი აპირებს.