ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სენსაციურ დაბრუნებასთან ერთ ნაბიჯზე.
პორტუგალიელი სპეციალისტი სანტიაგო ბერნაბეუზე ახალი ერის ლიდერად შეარჩიეს. მადრიდულმა გრანდმა მისი ბენფიკასთან არსებული კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა უკვე გადაიხადა, რათა 13 წლის შემდეგ მისი დაბრუნება რეალობა გახდეს.
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ესპანურმა გიგანტმა ორშაბათს, 18 მაისს, ოფიციალურად გაააქტიურა მოურინიოს კონტრაქტში არსებული პუნქტი და ლისაბონურ კლუბს 3 მილიონი ევრო გადაუხადა. ამ ნაბიჯით ფლორენტინო პერესმა პორტუგალიელის დაბრუნების გზაზე ბოლო იურიდიული ბარიერიც მოხსნა.
მოურინიოს აგენტ ჟორჟე მენდეშთან მოლაპარაკებები ელვისებურად იმართება. მხარეებმა უკვე მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას 2-წლიან კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც ის გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ჩაიბარებს. თავად მოურინიომ სიტუაციაზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
„რეალიდან პირადად ჯერ არავინ დამკავშირებია, თუმცა გულუბრყვილოები არ ვართ, ვიცით, რომ ჟორჟე მენდეშს, პრეზიდენტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რეალის ხელმძღვანელობას მომავალ კვირას პირადად შევხვდები და გადაწყვეტილებას მერე მივიღებ.“
პერესს ოფიციალური განცხადების გაკეთება ძალიან ეჩქარება, რადგან უტიტულო სეზონის შემდეგ, სადაც რეალმა ჩემპიონობა ბარსელონას დაუთმო, გუნდს მყისიერი რეაბილიტაცია სჭირდება. პრეზიდენტის გეგმით, მოურინიოს დაბრუნება მომავალ კვირას, სავარაუდოდ კვირას ან ორშაბათს გამოცხადდება, მას შემდეგ, რაც შაბათს რეალი ლა ლიგის ბოლო მატჩს ატლეტიკ ბილბაოს წინააღმდეგ ჩაატარებს. პერესი მიიჩნევს, რომ მოურინიოს ხასიათი და დისციპლინა ზუსტად ის არის, რაც ამჟამად მადრიდულ გასახდელს სჭირდება.