კატალონიელები ამ ზაფხულს რამდენიმე ვარსკვლავის დამატებაზე მუშაობენ და მათ რადარზე შემდეგი ხულიან ალვარესია.
კლუბის იდეაა, რომ რაც შეიძლება მეტი ტრანსფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დახუროს. ნათელია, რომ საერთაშორისო ტურნირის დაწყებამდე ყველა ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლებელია, რადგან შემდგომი შესყიდვები პირდაპირ იქნება დამოკიდებული ბარსას ფეხბურთელების გაყიდვაზე - თემაზე, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით სერიოზულად არ შეხებია.
გამოცემა მუნდო დეპორტივოს ცნობით, ბარსელონას გეგმა მარტივია: პრიორიტეტული ტრანსფერები მუნდიალამდე დასრულდეს, ხოლო სხვა პოტენციური ახალწვეულები იქამდე ჰყავდეთ ლოდინის რეჟიმში, სანამ საჭირო თანხა არ გამონთავისუფლდება.
კლუბში კარგად ესმით, რომ ნებისმიერი ფეხბურთელის წასვლა გუნდს ფინანსურადაც ამოასუნთქებს და სახელფასო უწყისსაც შეამსუბუქებს. ამ კუთხით, წასვლის მთავარ კანდიდატებად ოთხი მოთამაშე განიხილება: ჟიულ კუნდე, ალეხანდრო ბალდე, მარკ კასადო და რუნი ბარდღჯი. ბარსელონა მზად არის ამ ფეხბურთელების თაობაზე წინადადებებს მოუსმინოს, თუმცა, ამ მომენტისთვის, ბარდღჯის გარდა, კლუბთან განშორებასთან ახლოს არცერთი მათგანი არ არის.
ბარსელონას ბოლო ნაბიჯებიდან ნათლად ჩანს, რომ ყველაფერი მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის სრული ავტორიტეტით კეთდება. გერმანელმა სპეციალისტმა გუნდი ორი სეზონის წინ ჩაიბარა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, კლუბს ტიტულები მოუტანა.