ესპანურ ფეხბურთში ნამდვილი სატრანსფერო ომი დაიწყო. მადრიდის ატლეტიკომ ბარსელონას მხრიდან ხულიან ალვარესით დაინტერესებას უპრეცედენტო, ირონიული კამპანიით უპასუხა.
მადრიდულმა კლუბმა სოციალურ ქსელში ბარსელონას ვარსკვლავების - ლამინ იამალის, რაფინიასა და პედრის ფოტოშოპით დამუშავებული სურათები გამოაქვეყნა, სადაც ისინი ატლეტიკოს ფორმებში არიან გამოწყობილები. ამ ფორმით კლუბმა კატალონიელთა აბსურდულ სატრანსფერო ჭორებს დასცინა.
ამასთანავე, მადრიდელებმა იამალის სანაცვლოდ ბარსელონას „ოფიციალური წინადადებითაც“ მიმართეს და ირონიულად შესთავაზეს კონცერტის ბილეთები, წლიური გამოწერა და ერთი ტომარა მზესუმზირა. ამ სახალისო პერფორმანსს ატლეტიკომ საკმაოდ ხისტად ჩამოყალიბებული ოფიციალური განცხადებაც მოაყოლა, სადაც ბარსელონა ხულიან ალვარესის წინააღმდეგ მიზანმიმართულ შავ პიარსა და პროპაგანდაში დაადანაშაულა.
„და დაიმახსოვრეთ, ამ ყალბი პოსტის შესაქმნელად სულ რაღაც ხუთი წუთი დაგვჭირდა. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც რეალობის შეცვლა მარტივია. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ხედავთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბარსას ეხება. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი ფეხბურთელის წინააღმდეგ მიზანმიმართული შავი პიარის მომსწრენი გავხდით. წინასწარ გათვლილი ინფორმაციების გაჟონვა, ყალბი ამბები, მუდმივი უპატივცემულობა, კატალონიური პროპაგანდისტული მანქანის მიერ გამოგონილი პატარა ისტორიები და სატელეფონო ზარები უშუალო მატჩების წინ... თუმცა, რა თქმა უნდა, აზრად არასდროს მოგვივიდოდა მსაჯების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის მოსყიდვა ან ფეხბურთელების დასარეგისტრირებლად პოლიტიკური კავშირების გამოყენება. პატივისცემა და ფასეულობები!“ — ნათქვამია მადრიდელთა მწვავე განცხადებაში.
ატლეტიკო მყარად დგას თავის პოზიციაზე და აცხადებს, რომ არგენტინელი თავდამსხმელი არ იყიდება. კლუბმა ალვარესს სარეკორდო, 130 მილიონი გირვანქა სტერლინგის ფასი დაადო, რათა მსურველები ოფიციალურ მოლაპარაკებებამდე დააფრთხოს. ბარსელონას ამ განცხადებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აშკარაა, რომ კლუბებს შორის ურთიერთობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე უკიდურესად დაიძაბა.