ლუიშ ფიგუმ 2000 წლის ზაფხულში ბარსელონადან რეალში გახმაურებულ და სკანდალურ ტრანსფერზე ისაუბრა.
პორტუგალიელმა ლეგენდამ გაიხსენა, როგორ იქცა ერთი შეხედვით წარმოუდგენელი შეთავაზება რეალობად და რა სირთულეებს წააწყდა კამპ ნოუზე დაბრუნებისას.
„ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ რეალის პრეზიდენტობის კანდიდატს ჩემი გამოსასყიდი თანხის გადახდა სურდა. მაშინ ეს 60 მილიონი ევრო იყო — 2000 წელს ეს თანხა სიგიჟედ მეჩვენებოდა. ბარსელონას პრეზიდენტს რომ ვუთხარი, მან მიპასუხა: „მოიტანონ ფული“. მას ეგონა, რომ ეს ბლეფი იყო.
შევცდი, როცა ვთქვი, რომ არ წავიდოდი
ბარსელონას რთული ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა და, ვფიქრობ, წამყვანი მოთამაშის გაყიდვა აწყობდათ კიდეც. ჩემი შეცდომა იყო ის ინტერვიუ, სადაც ვთქვი, რომ არ წავიდოდი — მაშინ მართლა ასე ვფიქრობდი. თუმცა პროცესი ზვავივით განვითარდა. ფლორენტინო პერესი მხოლოდ არჩევნების მოგების დღეს გავიცანი და ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა“.
„ყველაზე მეტად ბარსელონური პრესის მიერ აგორებული კამპანია არ მომეწონა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა. გამოჩნდა პლაკატები ჩემი ქალიშვილის გამოსახულებით, რომელიც მაშინ მხოლოდ ერთი წლის იყო. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა“.