ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებულად ასპარეზობს და ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვის.
ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე პირველი შეხვედრა მსოფლიოს 195-ე ჩოგნის, ამერიკელი ანდრეი ილაგანის წინააღმდეგ ჩაატარა და საკმაოდ დაძაბულ, სამსეტიან ბრძოლაში ანგარიშით 6:3, 6:7, 7:5 გაიმარჯვა.
მატჩი ნიკოლოზის სრული უპირატესობით დაიწყო, მან პირველი სეტი მაღალ დონეზე ჩაატარა, მეტოქეს ბრეიკპოინტის შანსიც კი არ მისცა და 6:3 მოიგო. მეორე პარტიაც ქართველის დომინაციით წარიმართა და საწყის სამ გეიმში ორი ბრეიკი შეასრულა, თუმცა ამერიკელმა თამაშში დაბრუნება მოახერხა, ანგარიში გაათანაბრა და ტაიბრეიკზე 7:1 იმარჯვა.
გადამწყვეტ მესამე სეტში მოვლენები კიდევ უფრო დრამატულად განვითარდა. 4:3-ზე ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა და მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ილაგანმა ანგარიში კვლავ გაათანაბრა (5:5). მიუხედავად ამისა, ნიკოლოზმა კონცენტრაცია შეინარჩუნა, საკუთარი მოწოდება აიღო და 6:5-ზე მატჩბოლი ზუსტად გამოიყენა.
შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილს ფინალურ შეხვედრაში კანადელი ლიამ დრაქსლის დამარცხება სჭირდება. ეს უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.