ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

Il Grande Parma: ემილიელთა დაუოკებელი აღმასვლა 90-იანებში
ფეხბურთიფეხბურთი

Il Grande Parma: ემილიელთა დაუოკებელი აღმასვლა 90-იანებში

21 აგვ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

იტალიის ისტორიის კვალი მისი ქალაქების ისტორიის მეშვეობით შეგვიძლია ვეძიოთ. თითოეულმა მათგანმა ხომ საკუთარი სოციალური, კულტურული და პოლიტიკური იდენტობა შექმნა და საკუთარი ბრძოლები, მარცხი თუ გამარჯვებები გადაიტანა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო რენესანსის ეპოქაში, როდესაც იტალიური ქალაქ-სახელმწიფოები პირველობისთვის ეცილებოდნენ ერთმანეთს.


ამ ქალაქ-რესპუბლიკებს მართავდნენ მდიდარი დინასტიები, რომლებსაც ძალაუფლებისადმი გაუმაძღარი ლტოლვა ჰქონდათ. ყველაზე გავლენიანები ფლორენციელი მედიჩები იყვნენ, ასევე მილანში - სფორცები და რომში - ბორჯიები. 


1545 წელს პარმის საჰერცოგო შეიქმნა მას შემდეგ, რაც რომის პაპმა პავლე III-მ ეს ჩრდილო იტალიური ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორია თავის უკანონო შვილს, პიერ ლუიჯი ფარნეზეს ანდერძით გადასცა. სწორედ ფარნეზეს პაპის სახლმა და საგვარეულომ უზრუნველყო პარმის გავლენის ზრდა მასთან ერთად.


ამ ოჯახური მფარველობისა და ძალაუფლების მიტაცების ნარჩენები დღემდეა შემორჩენილი. 1990-იან წლებში ტანცის გვარის ოჯახის ფინანსურმა კეთილდღეობამ ქალაქ პარმას ისეთი აყვავება მოუტანა, როგორიც არასდროს ჰქონია. გვარის წინამძღოლმა კალისტო ტანციმ და მისმა დაარსებულმა კონგლომერატმა Parmalat, მთელი პროვინცია ეკონომიკურ და სამრეწველო ცენტრად აქციეს, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ტანციმ გააცნობიერა, რომ სიმდიდრის მხარდაჭერით საფეხბურთო კლუბი პარმა კალჩო გაფართოებისა და სახელის მოხვეჭის იდეალური საშუალება იყო.



კამპანილიზმი ანუ ადგილობრივი პატრიოტიზმი მკვეთრად იგრძნობა ამ ჩრდილოური ქალაქის მოსახლეობაში. ემილია-რომანიაში მდებარე მისი რეგიონი ბუნებრივმა რესურსებმა ააყვავა და პარმეზანელები როგორც ამბობენ, შესაძლოა ამპარტავნებიც იყვნენ. კომპოზიტორი ჯუზეპე ვერდიც პარმეზანელი იყო და წარსულში პარმას ფეხბურთელები „სტადიო ენიო ტარდინის“ მოედანზე მისი „ტრიუმფალური მარშის“ ფონზე გამოდიოდნენ. 


1992 წლიდან 2002 წლამდე დეკადაში იქამდე უისტორიო პარმამ ორი UEFA-ს თასი, ერთი თასების მფლობელთა თასი, ერთი ევროპის სუპერთასი, სამი იტალიის თასი და ერთი იტალიის სუპერთასი მოიგო. ამ უპრეცედენტო წარმატებას საბედისწერო დასასრული 2003 წელს კომპანია „პარმალატის“ ფინანსური კრახის შემდეგ ჰქონდა, თუმცა პარმას აღზევების ისტორია იტალიური საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი თავია.


პარმა კალჩოს სწრაფი პროგრესი 1985 წლიდან იწყება, როდესაც 1913 წელს დაარსებული კლუბი სერია B-ში კიდევ ერთხელ აღზევდა. ეს წარმატება დიდწილად მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, არიგო საკის დამსახურება იყო, რომელმაც თავისი საფირმო 4-4-2 ფორმაცია დანერგა და დახვეწა ზონალური მარკირებისა და კომპლექსური პრესინგის სისტემები - ტაქტიკა, რომელმაც მოგვიანებით მილანშიც იმუშავა. კლუბის პრეზიდენტმა ერნესტო ჩეზერინიმ კი კომპანია „პარმალატთან“ სპონსორული შეთანხმება გააფორმა.


1989 წელს „ჯალობლუ“ (პარმას მეტსახელი) ნევიო სკალამ ჩაიბარა და სადებიუტო სეზონში მისი 5-3-2 ფორმაციით მოთამაშე გუნდმა პარმიჯანო-რეჯანოს დერბიში რეჯანას ძლევით (2:0) სერია A-ს ნანატრი საგზური 77-წლიან არსებობაში პირველად მოიპოვა. პრეზიდენტი ჩეზერინი ამ ისტორიულ მომენტს ვერ შეესწრო, იგი რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა და კლუბის აქციების 98% რძის პროდუქტების კომპანიის მფლობელ კალისტო ტანცის გადაეცა.



პრეზიდენტის მოვალეობა ტანციმ ჯორჯო პედრანესკის ანდო, რომელმაც ახალი სეზონისთვის სამი ლეგიონერი - ბრაზილიელი მეკარე ტაფარელი, ბელგიელი მცველი ჟორჟ გრიუნი და შვედი ფორვარდი ტომას ბროლინი დაიმატა. იტალიის ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში ემილიური კლუბი მე-6 ადგილზე გავიდა და UEFA-ს თასის საგზური მოიპოვა. 



ახალ სეზონში „ჯალობლუ“ ევროტურნირს პირველივე წრეში სოფიის ცსკა-სთან ორი ყაიმით (0:0, 1:1) გამოეთიშა, სერია A კი ამჯერად მე-7 ადგილზე დაასრულა, რაც კლუბის ამბიციური მფლობელისთვის იმედგაცრუება გამოდგა, თუმცა 1992 წლის იტალიის თასის ორმატჩიან ფინალში „იუვენტუსთან“ ხმაურიანმა გამარჯვებამ პარმას ტიტულთან ერთად აღიარებაც მოუტანა. 


„პარმალატის“ მზარდი სიმდიდრე სკალასა და მისი გუნდის შრომისმოყვარეობას იდეალურად ერწყმოდა. „ლურჯ-ყვითლებს“ ახალი ლეგიონერი, კოლუმბიელი ფაუსტინო ასპრილია შეემატა და გუნდმა 1992-93 წლების იტალიის პირველობა არათუ სამეულში საპრიზო ადგილზე დაასრულა, არამედ პირველი ევროტურნირი მოიგო: პარმეზანელებმა თასების მფლობელთა თასზე ერთმანეთის მიყოლებით სძლიეს უნგრულ უიპეშტს (1:0, 1:1), პორტუგალიურ ბოავიშტას (0:0, 2:0), პრაღის სპარტასა (0:0, 2:0) და მადრიდის ატლეტიკოს (2:1, 0:1), ფინალში კი „უემბლიზე“ ბელგიური ანტვერპი ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.



ნევიო სკალას გუნდმა იმავე წელს ფაბიო კაპელოს გაწვრთნილ მილანს ევროპის სუპერთასზე სტუმრად სძლია და მეორე ევროთასიც დაისაკუთრა. აღსანიშნავია ისიც, რომ პარმამ „სან სიროზე“ რამდენიმე თვით ადრე სერია A-შიც დაამარცხა ძლევამოსილი „როსონერი“, რა დროსაც მილანური გრანდის 58-მატჩიანი წაუგებელი სვლა შეწყდა.


მორიგ სეზონში პარმამ იტალიის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა, თასების მფლობელთა თასის ფინალში კი ზედიზედ მეორედ გააღწია, თუმცა კოპენჰაგენში გამართულ გადამწყვეტ მატჩში ლონდონის არსენალთან მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხდა.


ნევიო სკალას მოღვაწეობის პიკი 1994-95 წლების სეზონში დადგა, როდესაც მრისხანე მეტოქე იუვენტუსთან ნამდვილი ომი დაიწყო. ორივე გუნდი ტიტულებისთვის სამ ფრონტზე იბრძოდა. მარჩელო ლიპის იუვენტუსმა სკუდეტო მოიგო (პარმა მე-3 პოზიციაზე გავიდა) და იტალიის თასის ორმატჩიან ფინალში ემილიელები ჯამში 3:0 დაამარცხა, თუმცა ვერაფერი გააწყო UEFA-ს თასის ფინალში, სადაც „ჯალობლუმ“ ორ შეხვედრაში ექს-იუვენტუსელი დინო ბაჯოს დამსახურებით სახელოვანი მეტოქე დაჯაბნა და მორიგი ევროთასი შემართა. ევროტურნირი ბაჯომ და ჯანფრანკო ძოლამ 5-5 გატანილი გოლით დაასრულეს.



მომდევნო უტიტულო სეზონის ბოლოს პარმა ნევიო სკალამ დატოვა, რომლის ოცნება იტალიის ჩემპიონობაზე ოცნებადვე დარჩა.


„სკუდეტოს მოსაგებად არც ფსიქოლოგიური სიმტკიცე აღმოგვაჩნდა და არც გამძლეობა, მაგრამ გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ ნებისმიერ კონკრეტულ თამაშში ჩვენ ისეთივე ძლიერები ვიყავით, როგორც ნებისმიერი სხვა.“ - განაცხადა სკალამ.


1996-97 წლების სერია A-ს გათამაშებაში კარლო ანჩელოტის დამოძღვრილმა პარმამ მე-2 ადგილი დაიკავა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ იუვენტუსს, მომდევნო სეზონში კი ცხრილში მე-6 ადგილი ერგო და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე მოსინჯა ძალები, თუმცა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, რადგან გალათასარაის, პრაღის სპარტასა და დორტმუნდის ბორუსიასთან ჭიდილში მხოლოდ ტურნირის მომავალ ტრიუმფატორ გერმანულ კლუბს ჩამორჩა.


ამ პერიოდში ემილიური კლუბის ღირსებას უკვე ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ნესტორ სენსინი, ლილიან ტურამი, ზე მარია, სტეფანო ფიორე, მარიო სტანიჩი, ენრიკო კიეზა და ერნან კრესპო იცავდნენ.



ანჩელოტის იუვენტუსში გადაბარგების შემდეგ პარმა ალბერტო მალეზანიმ ჩაიბარა, რომლის სახელსაც პარმას მიერ მოპოვებული ბოლო ტიტულები და ტანცის ეპოქის კლუბის მქუხარე მეტსახელი Il Grande Parma უკავშირდება.


1998-99 წლების სეზონის პარმას თავის არსებობის ისტორიაში ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი გუნდი ჰყავდა. საიმსეზონოდ „ყვითელ-ლურჯებს“ არგენტინელი ვარსკვლავი ხუან სებასტიან ვერონი, მისი თანამემამულე ფორვარდი აბელ ბალბო, ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი ალენ ბოგოსიანი, ნიუკასლიდან მობრუნებული ფაუსტინო ასპრილია, აგრეთვე ორი იტალიელი - დიეგო ფუზერი და პაოლო ვანოლი შეემატნენ, გუნდის ეკიპირება კი ჰორიზონტალური ლურჯი ზოლებით გაწყობილი მაისურ-გეტრებით დამშვენდა.



სანახაობრივი ფეხბურთის მოტრფიალე „ჯალობლუ“ სკუდეტოს კვლავ ვერ შეწვდა და სერია A-ს ცხრილში მე-4 პოზიციას დასჯერდა, სამაგიეროდ ენთუზიაზმითა და ენერგიით სავსე მალეზანის კრებულმა ფიორენტინასთან დაძაბულ დაპირისპირებაში (1:1, 2:2) იტალიის თასი მოიპოვა და მორიგი ევროტიტული გაიფორმა.



პარმამ 1998-99 წლების UEFA-ს თასის გათამაშებაში ერთმანეთის მიყოლებით გამოუყვანა წირვა ფენერბაჰჩეს (0:1, 3:1), კრაკოვის ვისლას (1:1, 2:1), რეინჯერსს (1:1, 3:1), ბორდოს (1:2, 6:0), მადრიდის ატლეტიკოსა (3:1, 2:1) და მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ გამართულ ფინალში - მარსელის ოლიმპიკს (3:0). ტურნირის თანაბომბარდირი 8 გატანილი გოლით ენრიკო კიეზა გახდა, კრესპომ 6 ბურთი შეაგდო, ბალბომ კი 4.


იმავე წელს პარმა იტალიის სუპერთასს დაეუფლა, როდესაც 21 აგვისტოს, „სან სიროზე“ გამართულ შეხვედრაში მილანს კრესპოსა და ბოგოსიანის გოლებით 2:1 სძლია. 


მომდევნო ორ წელიწადში პარმეზანელთა დიდების დასასრულის დასაწყისი დადგა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა 2002 წელს პიეტრო კარმინიანის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ მოიგო იტალიის თასი (ფინალში კვლავ იუვენტუსთან ბრძოლით), საოცნებო სკუდეტოს მოპოვება ვერ შეძლო, გარდა ამისა, კალისტო ტანცის რძის პროდუქტების იმპერიაში ფინანსური ბზარები გაჩნდა და ბიზნესმენმაც კლუბის აქტივების გაყიდვა დაიწყო. პარალელურად გუნდს ტოვებდნენ ვარსკვლავებად ქცეული სახელმოხვეჭილი ფეხბურთელები.


ტანცის ფინანსური კრახის სრული მასშტაბი 2003 წელს გამოვლინდა, როდესაც მისი „პარმალატი“ სკანდალურად გაკოტრდა, თავად კი თაღლითობისა და კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირის გამო 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს ყველაფერი პირდაპირპორპორციულად აისახა მის საფეხბურთო კლუბ პარმა კალჩოზე, რომელიც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, კულტურულად თუ სიმბოლურად „პარმალატთან“ იყო დაკავშირებული.


მომდევნო წლებში პარმა იტალიის ჩემპიონატში, თასსა თუ ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე ბრძოლას აგრძელებდა, გადაიტანა კალჩოპოლის სკანდალი, 2008 წელს კი სერია B-ში დაქვეითდა, რომლიდანაც უმალ ელიტაში დაბრუნდა, თუმცა ყველამ იცოდა, ეს ის პარმა აღარ იყო, რომელსაც ტანცის საგვარეულო მფარველობის ქვეშ იტალიური და ევროპული კლუბები უფრთხოდნენ.


ემილიური კლუბის გამორჩეული დეკადა, რომელსაც მძიმე შედეგები მოყვა, ზუსტად იმეორებს ადგილობრივ ხალხურ ანდაზას: „როდესაც ხეზე ადიხარ, გახსოვდეს, რომ რაც უფრო მაღლა ხარ, მით უფრო თხელდება ტოტები და მიწას უფრო შორდები.“


პარმას ტიფოზების კამპანილიზმი მათი საყვარელი გუნდის დიდებაში გამოიხატებოდა და მიუხედავად სამარცხვინო  სკანდალისა და დაღმასვლისა, ბევრი ქომაგი სწორედ ტანცის ხანას ეტრფის ნოსტალგიურად, იმ პერიოდს, როდესაც მათმა მშობლიურმა პატარა ქალაქის კლუბმა ლამაზი თამაშითა და შთამბეჭდავი გამარჯვებებით იტალიური და ევროპული ფეხბურთის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

სერია ა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მილანი ჩემპიონატში ხანგრძლივ წაუგებელ სერიას აგრძელებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მილანი ჩემპიონატში ხანგრძლივ წაუგებელ სერიას აგრძელებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ლეჩესთან რთულად მოიგეს - ინტერი კონკურენტებს 6 ქულით გაექცა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ლეჩესთან რთულად მოიგეს - ინტერი კონკურენტებს 6 ქულით გაექცა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

76 წლის ასაკში ფიორენტინას პრეზიდენტი გარდაიცვალა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

76 წლის ასაკში ფიორენტინას პრეზიდენტი გარდაიცვალა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფენომენალური რაბიო - მილანმა ინტერთან 3-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ფენომენალური რაბიო - მილანმა ინტერთან 3-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 იან, 2026

მილანი ჩემპიონატში ხანგრძლივ წაუგებელ სერიას აგრძელებს

News image

14 იან, 2026

VIDEO: ლეჩესთან რთულად მოიგეს - ინტერი კონკურენტებს 6 ქულით გაექცა

News image

17 იან, 2026

76 წლის ასაკში ფიორენტინას პრეზიდენტი გარდაიცვალა

News image

15 იან, 2026

VIDEO: ფენომენალური რაბიო - მილანმა ინტერთან 3-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა

კომენტარები