ტურინულ გრანდში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ავტორიტეტული იტალიური გაზეთის, ლა სტამპას ინფორმაციით, იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მზად არის დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს, თუ გუნდი სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.
სპალეტიმ ტურინული კლუბი მხოლოდ 2025 წლის ოქტომბრის მიწურულს ჩაიბარა და სულ რამდენიმე კვირის წინ კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. შედეგების გაუარესების პარალელურად, კლუბის შიგნით სერიოზულმა უთანხმოებამ იჩინა თავი.
აქტიურად საუბრობენ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს, დამიენ კომოლის შორის არსებულ დაძაბულობაზე. კლუბის მფლობელს, ჯონ ელკანს უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, არჩევანის გაკეთება მოუწევს, თუ ვის ანდოს გუნდის მართვა.
იუვენტუსი ოთხეულში ადგილის განაღდებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ფიორენტინასთან განცდილი მარცხის (0-2) შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - ტურინელებმა მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლეს, სადაც ქულებს სენსაციურ კომოსთან იყოფენ.
სეზონის ბოლო ტურის წინ, საჩემპიონო ლიგის ზონაში დასაბრუნებლად იუვენტუსს რთული ამოცანის შესრულება მოუწევს:
გუნდმა აუცილებლად უნდა მოიგოს პრინციპული ტურინული დერბი ტორინოს წინააღმდეგ.
პარალელურად, საჭიროა, რომ მათი უშუალო კონკურენტებიდან - რომადან ან მილანიდან - ერთ-ერთმა მაინც დაკარგოს ქულები ბოლო მატჩში.
ინსაიდერების თქმით, თუ ტურინელები მიზანს ვერ მიაღწევენ, სპალეტი გადადგომის შესახებ განცხადებას მაშინვე დაწერს. იქვე აღნიშნავენ, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ შესაძლოა მისი გადადგომა არ მიიღოს და მწვრთნელს გუნდის გადასახალისებლად კიდევ უფრო დიდი უფლებამოსილება შესთავაზოს.