ინტერის კაპიტანმა ლაუტარო მარტინესმა სეზონური დუბლის შესრულების შემდეგ გუნდში საკუთარ მომავალზე, მძიმე ბავშვობაზე, ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და კარიერის შემდგომ გეგმებზე ისაუბრა.
მძიმე ბავშვობა არგენტინაში
28 წლის თავდამსხმელმა გაიხსენა, რომ მისი ოჯახი ბაჰია ბლანკაში სიღარიბეში ცხოვრობდა, რადგან ყოფილი ფეხბურთელი მამა სამუშაოს ვერ შოულობდა, დედა კი დამლაგებლად მუშაობდა:
გახსენებაზე ახლაც მეღიმება, მაგრამ მაშინ ბედნიერი ვიყავი. მახსოვს შიმშილის გრძნობა, როცა ვახშამს ველოდებოდით. ქირის ფული არ გვქონდა და თითქმის სამი წელი მამის მეგობრის სახლში ვცხოვრობდით, სადაც ხანდახან დენის ფულს ძლივს ვიხდიდით. ამ პერიოდმა ადამიანად ჩამომაყალიბა და მშობლებისგან თავმდაბლობა ვისწავლე.
ინტერი
მარტინესმა ხაზი გაუსვა, რომ ინტერში თავს ბედნიერად გრძნობს და კარიერის სხვაგან გაგრძელებას არ განიხილავს:
ნამდვილად მინდა კარიერა ინტერში დავასრულო. ჩემი ოჯახი აქ ბედნიერია, რესტორანი გვაქვს, ბავშვები სკოლაში დადიან. დღეს სხვა გუნდში საკუთარი თავის წარმოდგენა მიჭირს. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ თუ არ გამაგდებენ, მე აქ დავრჩები.
ფსიქოლოგიური პრობლემები და კრიზისი
არგენტინელმა ღიად ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც მოედანზე გოლის გატანა უჭირდა და ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა:
თერაპია ძალიან დამეხმარა იმ მომენტების მართვაში, როცა გოლი ვერ გამქონდა. საკუთარ თავში ეჭვი მეპარებოდა, ვფიქრობდი, საერთოდ ვიმსახურებდი თუ არა ინტერის 10 ნომრობას. მივხვდი, რომ მხარდაჭერა მჭირდებოდი. კლუბის ფსიქოლოგი 46-დღიანი ტრავმის დროსაც გვერდში მედგა.
ლაუტარომ აღიარა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფლუმინენსესთან გამოვარდნის შემდეგ იმდენად განადგურებული იყო, რომ გუნდიდან წასვლაზეც კი ფიქრობდა, თუმცა სიტუაცია კრისტიან ჩივუს მოსვლამ შეცვალა, რომელმაც გუნდში ახალი ენერგია მოიტანა.
კითხვაზე, თუ ვინ არის დღეს მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდი, ლაუტარომ ჰარი კეინი დაასახელა და აღნიშნა, რომ მას ერლინგ ჰალანდზე წინ აყენებს სათამაშო ინტელექტის გამო. ყველაზე მოულოდნელი მისი პასუხი მომავალ გეგმებზე აღმოჩნდა:
კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში არ დავრჩები. ეს ის გარემოა, რომელიც საერთოდ არ მომწონს. ჩემზე ვეღარაფერს გაიგებთ - უბრალოდ სამუდამოდ გავქრები.