ბრაზილიისა და გერმანიის საფეხბურთო მატჩი 2014 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება იყო, რომელიც 8 ივლისს, მინეირაოს სტადიონზე, ბრაზილიის ქალაქ ბელო ორიზონტეში გაიმართა.
ბრაზილიაც და გერმანიაც ნახევარფინალში დაუმარცხებლად გავიდა. ბრაზილიელებს მეოთხედფინალში კოლუმბიასთან ტრავმის გამო ნეიმარი გამოაკლდათ, ტიაგო სილვამ კი ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო.

ლიდერების დანაკლისის მიუხედავად, ახლო მატჩი იყო მოსალოდნელი, რადგან ორივე გუნდი ტურნირს კარგად ატარებდა. თანაც ორივე გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის უდიდეს ტრადიციულ ძალად იყო მოაზრებული, რომლებიც ერთმანეთში 8 მოგებულ ტურნირს იყოფდნენ (5 ბრაზილიას, 3 გერმანიას). იქამდე მათი ბოლო შეხვედრა 2002 წლის მუნდიალის ფინალში შედგა, სადაც ბრაზილიამ 2-0 იმარჯვა და მე-5 ტიტული მოიპოვა.
მატჩი კი ბრაზილიისთვის ისტორიული მარცხით დასრულდა. საოცარი დომინაციით, გერმანია 29-ე წუთისთვის უკვე 5-0 იგებდა, 4 გოლი კი ექვსწუთიან მონაკვეთში გავიდა, მეორე ტაიმში ანგარიში 7-0 იყო. პრესტიჟის გოლი ბოლო წუთებზე ოსკარმა გაიტანა და საბოლოო შედეგი 7-1 დაფიქსირდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ტონი კროოსი დასახელდა.

ამ თამაშში რამდენიმე რეკორდი დამყარდა. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ამაზე დიდი სხვაობით არავის მოუგია. ასევე გერმანიამ ბრაზილიას გადაასწრო, როგორც ტურნირის ისტორიაში ყველაზე გამტანმა გუნდმა და გახდა პირველი გუნდი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 8-ჯერ გავიდა.
მიროსლავ კლოზემ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-16 გოლი გაიტანა და ბრაზილიელ რონალდოს ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი წაართვა. ბრაზილიის მარცხმა მათი 62-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა სახლში ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებში, ბოლოს სელესაოს 1975 წლის კოპა ამერიკაზე ჰქონდა წაგებული, სხვათა შორის იმავე სტადიონზე.
ასევე ბრაზილიელები ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წაგებულ მატჩს გაუთანაბრდნენ (1920 წელს ურუგვაისთან 6-0), თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე დიდი მარცხი იყო, იქამდე ასეთად 1998 წლის ფინალში საფრანგეთთან 3-0 წაგება ფიქსირდებოდა.
მატჩი ეროვნულ სირცხვილად აღიწერა და შესაბამისი სახელიც დაერქვა - Mineiraço, რაც სტადიონ მინეირაოსა და ეროვნული სირცხვილის აღმნიშვნელი სიტყვაა. ასეთი სახელი დაერქვა 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაისთან საკუთარ მოედანზე მოულოდნელ მარცხსაც - Maracanaço.

დემორალიზებულმა ბრაზილიამ ნიდერლანდებთან მე-3 ადგილის მატჩი 3-0 წააგო, გერმანიამ კი ფინალში არგენტინა 1-0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონობა ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა, ამასთან გახდა პირველი ევროპული გუნდი, რომელმაც ამერიკაში მოახერხა ტიტულის მოპოვება.
ვიდეო: ბრაზილია 1-7 გერმანია
შემადგენლობები
ბრაზილია - ჟულიო სეზარი; მაიკონი, დავიდ ლუიზი, დანტე, მარსელო; ლუიზ გუსტავო, ფერნანდინიო; ჰალკი, ოსკარი, ბერნარდი; ფრედი. (შეცვლაზე: პაულინიო, რამირესი, ვილიანი)
გერმანია - ნოიერი; ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰიოვედესი; ხედირა, შვაინშტაიგერი; მიულერი, კროოსი, იოზილი; კლოზე. (შეცვლაზე: მერტეზაკერი, შიურლე, დრაქსლერი)
გოლები: 11' მიულერი, 23' კლოზე, 24' 26' კროოსი, 29' ხედირა, 69' 79' შიურლე, 90' ოსკარი.