დღეს 2026-ის მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალების უკანასკნელი დღეა.
სამი 1/4 ფინალური წყვილი უკვე ვიცით, დარჩა მეოთხე, რომელსაც დღეს, დღის ბოლოს გავარკვევთ.
არგენტინა - ეგვიპტე [20:00]
ჯგუფში სამიდან სამი მოგების შემდეგ, კაბო ვერდესთან მოქმედ ჩემპიონს იმაზე მეტად გაუჭირდა, ვიდრე ყველა ველოდით. აფრიკელმა დებიუტანტმა ალბისელესტეს დიდი ბრძოლა გაუმართა და სკალონის გუნდმა გამარჯვება მხოლოდ ექსტრა-ტაიმში მოიპოვა.
ლეო მესი ისტორიულ სვლაზეა - მერვედფინალების დაწყებამდეც კი 39 წლის ლეგენდამ იმდენივე გოლის გატანა მოასწრო (7), რამდენიც მთელ წინა მუნდიალზე და მესისთან და ჰალანდთან ერთად, ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს.
თავის მხრივ, ეგვიპტე ამ მუნდიალზე ჯერ დაუმარცხებელია, გუნდმა ჯგუფიდან 5 ქულით მეორე ადგილით შეძლო გასვლა, შემდეგ კი 1/16 ფინალში ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია.
სხვათაშორის, 1/8 ფინალი მსოფლიოზე ეგვიპტის საუკეთესო შედეგის გამეორებაა მსოფლიოზე და ახლა აფრიკელები არამარტო სენსაციის დაფიქსირებას, არამედ თავისი საუკეთესო შედეგის დაფიქსირებასაც შეეცდებიან.
ეგვიპტისა და არგენტინის გზები საფეხბურთო მოედანზე აქამდე ორჯერ გადაიკვეთა - შორეულ 1928 წლის ოლიმპიადაზე და 2008 წელს ამხანაგურ მატჩში. ორივე შემთხვევაში არგენტინამ გოლგაუშვებლად მოიგო - 6:0 და 2:0.
არგენტინა: მარტინესი, მოლინა, რონალდო რომერო, ლისანდრო მარტინესი, ტალიაფიკო, დე პაული, მაკ ალისტერი, ფერნანდესი, პარედესი, მესი, ალვარესი.
ეგვიპტე: შობეირი, ჰაფეზი, რაბია, იბრაჰიმი, ჰანი, ატია, ფათი, აშური, ზიკო, მარმუში, სალაჰი.
შვეიცარია - კოლუმბია [23:59]
კატართან ბოლო წამზე გაშვებული გამარჯვების შემდეგ, ევროპელებმა ყველა მატჩი დამსახურებულად მოიგეს და ჯერ ჯგუფში გავიდნენ პირველზე, შემდეგ კი ალჟირიც თითქმის პრობლემების გარეშე გაიარეს.
იგივეს თქმა შეიძლება კოლუმბიაზეც, რომელმაც ამ მუნდიალზე ყველა მატჩი მოიგო, გარდა პორტუგალიასთან დაპირისპირებისა, სადაც გამარჯვება მათ კი არა, ევროპელებს სჭირდებოდათ, თუმცა თამაშით გამარჯვებასთან ბევრად ახლოს სწორედ კოლუმბიელები იყვნენ.
1/16 ფინალში კოლუმბიამ განის ნაკრების ბარიერი გადალახა.
მუნდიალების ისტორიაში ორივე ნაკრების საუკეთესო შედეგი 1/4 ფინალია და დღეს რომელიღაც ამ შედეგს ნამდვილად გაიმეორებს.
შვეიცარია: კობელი, ზაკარია, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი, ფროილერი, ჯაკა, ნდოიე, მანზამბი, ვარგასი, ემბოლო
კოლუმბია: ვარგასი, მოხიკა, ლუკუმი, სანჩესი, მუნიოსი, არიასი, ლერმა, პუერტა, დიასი, სუარესი, როდრიგესი.