სანაკრებო პაუზა დასრულებულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუბები ერთვებიან საქმეში.
დღეს ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძის დებიუტს ველოდებით. ქართველი ფორვარდის ახალი გუნდი - ვილიარეალი ქვეყნის ერთ-ერთ გრანდს, ატლეტიკო მადრიდს ესტუმრება.
გუნდები მატჩს სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში ხვდებიან - ლა ლიგის მეოთხე ტური მოგვადგა კარს, ატლეტიკოს კი ჯერ ერთი მოგებაც კი არ აქვს. სიმეონეს გუნდმა 3 მატჩში მხოლოდ 2 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონასთან ერთ პოზიციაში იმყოფება.
სრულიად საპირისპირო სიტუაცია აქვს მარსელინოს გუნდს, რომელმაც 9 შესაძლოდან 7 ქულა დააგროვა და ლიდერთა სამეულში იმყოფება, წინ მხოლოდ 100%-იანი შედეგის მქონე ბილბაო და მადრიდის რეალი არიან.
გიორგი მიქაუტაძემ ორივე სანაკრებო მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯანმრთელია, კლუბში დაბრუნების შემდეგ საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს და დღევანდელ მატჩში მის მონაწილეობას წინ არაფერი უდგას. მხოლოდ მარსელინოს გადასაწყვეტი იქნება, დააყენებს თუ არა თავის ვარსკვლავურ შენაძენს პირდაპირ სასტარტო შემადგენლობაში.
შეხვედრა დღეს, 13 სექტემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.