საქართველოს ნაკრების ვეტერანი მოთამაშე, აქვსენტი გიორგაძე ჩვენი ქვეყნის რაგბის კავშირში იმუშავებს.
უფრო კონკრეტულად, იგი კავშირის მაღალი მიღწევების დირექტორის კონსულტანტი იქნება, ფუნქციების შესახებ კი თავად საუბრობს:
"დიდი ხანია საფრანგეთში ვმოღვაწეობ და თუ არის იმის შანსი, დაგროვებული გამოცდილება ქართულ რაგბს მოვახმარო, ამას აუცილებლად გავაკეთებ.
ჩემი სურვილია, დავეხმარო ახალგაზრდა მოთამაშეებს განვითარებაში, ასევე, გავხსნა შესაძლებლობები ქართველი მწვრთნელებისთვის, რათა ფრანგ კოლეგებთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ.
ჩემი ფუნქცია საქართველოს ეროვნული, 20 და 18-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელებთან კოორდინაცია იქნება. აღვწერ საფრანგეთის ტოპ 14-ის, პრო დე2-ისა და ნაციონალ დივიზიონის კლუბებში, ასევე, მათ ესპუარებში მოთამაშე ქართველი მორაგბეების ასპარეზობას და განვახორციელებ მათ მუდმივ მონიტორინგს, რათა საუკეთესოები შეირჩნენ.
ფრანგულ გუნდებთან მექნება მუდმივი კომუნიკაცია და მათთან ჩვენი ნაკრები გუნდების გეგმებს გავაზიარებთ, რათა მოთამაშეთა გამოძახების კუთხით, პრობლემები არ შეიქმნას. ასევე, მწვრთნელებს მივაწვდი ინფორმაციას მოთამაშეთა ტრავმების, სათამაშო ფორმის, ფსიქოლოგიური პორტრეტის შესახებ და მერე არჩევანს თავად გააკეთებენ", - ამბობს გიორგაძე.
აქვსენტი გიორგაძე საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 15 წლის განმავლობაში, 1996-2011 წლებში თამაშობდა და ჯამში 64 შეხვედრა ჩაატარა. მისი ფრანგული საკლუბო კარიერა კი 11-წლიანია - 2001-2012.