დინამო ბათუმმა კიდევ ერთი ტრანსფერი დახურა და შვედი მარცხენა მცველი, იაჰია კალეი ოფიციალურად წარადგინა.
"საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ შვედი მარცხენა მცველი, იაჰია კალეი, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელმა გუნდთან შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გააფორმა", - აღნიშნულია აჭარული კლუბის ვებგვერდზე.
კალეი შვედეთის 17, 18 და 21-წლამდელთა ნაკრებების ყოფილი წევრია, საკლუბო კარიერის განმავლობაში კი გიოტებორგში, ნიდერლანდურ გრონინგენში, ნორკიოპინგსა და პორტუგალიურ ეშტრელა ამადორაში თამაშობდა.
ტანმაღალმა განაპირა მცველმა, 2021-23 წლებში, ნიდერლანდების ერედივიზიეს 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - მათგან ერთ-ერთი თამაში აიაქსთან ჩაატარა.
Transfermarkt-ის მიხედვით, გამბიური წარმოშობის შვედი ფეხბურთელის ამჟამინდელი ღირებულება 300 000 ევროა.
ფოტო: დინამო ბათუმი