მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანმა, ბრუნო ფერნანდეშმა მიმდინარე სეზონში ისტორია დაწერა.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა პრემიერ ლიგის ერთ სეზონში კლუბის სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა, მან დევიდ ბექჰემის რეკორდი მოხსნა და მის აქტივში უკვე 16 საგოლე გადაცემაა.
31 წლის ფერნანდეში ახლა პრემიერ ლიგის აბსოლუტურ რეკორდს უმიზნებს, რომელიც ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინეს ეკუთვნით. აღსანიშნავია, რომ ბრუნo გახდა მესამე ფეხბურთელი უეინ რუნისა და რაიან გიგზის შემდეგ, რომელმაც წითელი ეშმაკების მაისურით 100 გოლისა და 100 ასისტის ზღვარს გადააბიჯა.
მიუხედავად იმისა, რომ სეზონი სამწვრთნელო ცვლილებებითა და ტურბულენტობით იყო სავსე, ფერნანდეში კვლავ გუნდის მთავარ თილისმად რჩება. 2020 წელს სპორტინგიდან მოსვლის დღიდან, ის იუნაიტედის შეუცვლელი ლიდერია. თუმცა, მისი კონტრაქტის დასრულებამდე წელიწადზე ცოტა მეტი რჩება, რაც მის მომავალზე ჭორებს კიდევ უფრო ამწვავებს. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა 30 მატჩში 8 გოლი და 17 ასისტი მიითვალა, მისი ფიზიკური გამძლეობა კი გასაოცარია, ოლდ ტრაფორდზე გატარებულ ექვსნახევარ სეზონში მან ტრავმების გამო ჯამში მხოლოდ ექვსი მატჩი გამოტოვა.
Caught Offside-ის ინფორმაციით, კლუბში ბრუნოს მომავალთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლა იდეალური დროა მისი სარფიანად გასაყიდად, რადგან ფეხბურთელი მალე 32 წლის გახდება. ზოგიერთი წარმომადგენელი შიშობს, რომ წელს ფერნანდეშის გაყიდვა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, თუმცა ამის გაკეთება ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია. გარდა ამისა, თავად ფეხბურთელმაც იცის, რომ საუდის არაბეთიდან სარფიანი შეთავაზებები ექნება. ბაიერნი და პსჟ ასევე აქტიურად აკვირდებიან სიტუაციას, თუმცა აზიური ვარიანტი ამ ეტაპზე უფრო რეალისტურად მოსჩანს.
ბრუნო ფერნანდეში კვლავ პიკშია და მანჩესტერ იუნაიტედისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად რჩება. გუნდის ხელმძღვანელობას უახლოეს პერიოდში რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს: შეინარჩუნონ თავიანთი ლიდერი და შესთავაზონ ახალი ხელშეკრულება, თუ გამოიყენონ შანსი და დიდი თანხის სანაცვლოდ ტრანსფერზე დააყენონ.