საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება.
მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე გუნდის ლიდერი და მთავარი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი წარდგა. მან ყურადღება გაამახვილა ახალი მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით მიმდინარე პირველ სრულფასოვან შეკრებაზე და აღნიშნა, რომ ფეხბურთელები სრულად ენდობიან სამწვრთნელო შტაბს, ტაქტიკური მომზადება კი გეგმის მიხედვით, კარგად მიმდინარეობს.
პრესკონფერენციაზე დაისვა კითხვა გიორგის საკლუბო კარიერაზეც, კერძოდ, აპირებს თუ არა ის გუნდის შეცვლას იმის ფონზე, რომ ალისონი დარჩენას გეგმავს. მამარდაშვილმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე სხვაგან წასვლაზე დიდად არ ფიქრობს და მისი მთავარი მიზანი ყველა მატჩისთვის სათანადოდ მომზადება და ოპტიმალური ფორმის შენარჩუნებაა, დანარჩენს კი დრო აჩვენებს.
რაც შეეხება ნაკრების ბოლოდროინდელ შედეგებს, გიორგიმ ხაზი გაუსვა, რომ ბიჭებს ვითარების გამოსწორების სჯერათ:
ფეხბურთელებმა ერთმანეთში ვისაუბრეთ. ჩავარდნა ყველას აქვს, რასაც აღმასვლა მოსდევს. იმედია, ეს ხვალინდელი თამაშიდან დაიწყება. გვჯერა, რომ კვლავ შეგვიძლია ისეთი ფეხბურთის ჩვენება, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ
რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი 14 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხზე უნგრეთს მიიღებს, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინას დაუპირისპირდება.