საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქუთაისი 2010-მა ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჩეხურ ბრნოსთან, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 66:84 წააგო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჩეხების ამერიკელი ლეგიონერი, ჯეიკობ გრუვზი გახდა - 33 ქულა, 7 მოხსნა და 1 ასისტი. მის შემდეგ ყველაზე შედეგიანი იყო ქუთაისელთა ლიდერი - ნიკოლოზ დარბაიძე, რომელმაც 18 ქულა, 3 მოხსნა და 1 ასისტი მიითვალა, ხოლო იმერელთა კიდევ ერთ გამორჩეულ მოთამაშე დეტრეკ ბრაუნინგს 16 ქულა, 3 მოხსნა და 3 ასისტი ჰქონდა.
"რთული თამაში გამოვიდა და ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ბევრს ვემზადებოდით, მეტოქის შესახებ უამრავი რამ ვიცოდით და კონკრეტული გეგმა გვქონდა, მაგრამ პარკეტზე რადიკალურად სხვა რაღაც გავაკეთეთ.
თავის მართლება მარტივია - ტრავმირებულები გვყავს, დღესაც სულაბერიძემ თამაშისას მიიღო დაზიანება და გამოგვაკლდა, მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რომ დასახული გეგმიდან პრაქტიკულად ვერაფერი განვახორციელეთ. შესაბამისად, შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
ვგრძნობ, რომ ამ გუნდის დამარცხება დღესაც შეგვეძლო, არ გამოვიდა დღეს, სამაგიეროდ, წავალთ ჩეხეთში იმისთვის, რომ მათ იქ მოვუგოთ. ცხადია, ამისთვის სერიოზული ცვლილებები, უკეთესი მომზადება, მოთამაშეების გამოჯანმრთელება და საქმისადმი სხვანაირი მიდგომა დაგვჭირდება. ხვალ და ზეგ ბიჭებთან რთული საუბრები მექნება", - განაცხადა მატჩის შემდეგ ქუთაისი 2010-ის მთავარმა მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა.
იმერლები მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს, რუსთავის წინააღმდეგ ჩაატარებენ, 22 რიცხვში კი, ისევ ევროპის თასის ეგიდით, ბერძნულ პერისტერის ესტუმრებიან.