ჩელსის ყოფილმა მცველმა, ფრანკ ლებეფმა, კლუბის რეკორდული შენაძენები - ენცო ფერნანდესი და მოისეს კაისედო გაკიცხა.
ბრაიტონთან გამანადგურებელი მარცხის (3:0) შემდეგ, რამაც ლონდონელთა ზედიზედ მეხუთე წაგება გააფორმა, მსოფლიო ჩემპიონმა განაცხადა, რომ ორივე ნახევარმცველს ლიდერული თვისებები აკლია. ლებეფის თქმით, მათში გადახდილი 223 მილიონი ფუნტი მოედანზე ლიდერობად არ თარგმნილა.
კაისედო და ენცო ფერნანდესი არ არიან ლიდერები. მე ვთამაშობდი დენის ვაიზთან, კრეიგ ბერლისთან, რობერტო დი მატეოსთან - აი, ისინი იყვნენ ლიდერები
მან ასევე გაიხსენა ისეთი ლეგენდები, როგორებიც მარსელ დესაი, ჯანფრანკო ძოლა და რუდ გულიტი იყვნენ. ვეტერანის აზრით, ამჟამინდელი მოთამაშეები ჩელსის მაისურის წონას ვერ გრძნობენ: „ეს ფეხბურთელები ახლა ჩელსიში თამაშს არ იმსახურებენ. ისინი საკმარისად კარგები არ არიან“.
ლებეფმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრობლემა ხელმძღვანელობის მიერ მხოლოდ ახალგაზრდა პერსპექტივებზე ფოკუსირებაა. მისი თქმით, გამოცდილი ვეტერანების გარეშე გუნდი მოედანზე გზააბნეული ჩანს.
მომავალ წელს, ვთხოვ ბორდს - იყიდეთ ლიდერები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩელსი ვერასდროს გახდება ის კლუბი, რომელსაც ვიცნობდით
მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები მწვრთნელ როსენიორის გადაყენებას ითხოვენ, ლებეფი მიიჩნევს, რომ ცვლილება ახლა აზრს მოკლებულია. წინ ინგლისის თასის ნახევარფინალია ლიდს იუნაიტედის წინააღმდეგ და ლებეფი თვლის, რომ გადაწყვეტილება სეზონის ბოლომდე უნდა გადაიდოს: „უნდა დაელოდოთ ლიდსთან მატჩს. როსენიორი რომ წავიდეს, არ მგონია, ამან მოთამაშეების მენტალიტეტი შეცვალოს“.