ჩელსის მძიმე პერიოდში პოზიტიური სიახლე აქვს - მოიზეს კაისედო კლუბთან ახალ კონტრაქტს აფორმებს.
ეკვადორელმა ნახევარმცველმა კლუბთან ახალი ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა და მხოლოდ კონტრაქტის გაფორმების ფორმალობაღაა დარჩენილი.
კაისედო, რომელშიც ჩელსიმ ბრაიტონს 2023 წლის აგვისტოში 115 მილიონი გადაუხადა, თითქმის ყველა მატჩში მონაწილეობს.
ახალი ხელშეკრულება 2033 წლამდე იქნება ძალაში და კაისედოს ხელფასის გაზრდასაც ითვალისწინებს, რითაც ის ჩელსის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეთა სიაში დამკვიდრდება. კლუბში მას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მიიჩნევენ და მისი მხრიდან ერთგულების დადასტურება, ბოლო ექვს მატჩში განცდილი ხუთი მარცხის ფონზე, გუნდისთვის დიდი შვებაა.
მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როსენიორმა ადრე უკვე მიანიშნა, რომ რის ჯეიმსის გარდა სხვა ლიდერებიც აპირებდნენ დარჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა მარტის სანაკრებო პაუზის დროს ენცო ფერნანდესმა და მარკ კუკურეიამ თავიანთ მომავალზე ეჭვები გააჩინეს. ფერნანდესმა ინტერვიუებში არ დაადასტურა, ითამაშებდა თუ არა ჩელსიში მომავალ სეზონში და მადრიდში გადასვლის სურვილი გამოთქვა, კუკურეიამ კი კლუბის სატრანსფერო სტრატეგია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.