ლონდონის არსენალის გულშემატკივრები 22-წლიანი მოლოდინის დასასრულთან ძალიან ახლოს არიან.
ორშაბათს ღამით, მიკელ არტეტას გუნდმა ემირეიტსზე სეზონის ბოლო მატჩში უკვე გავარდნილი ბარნლი მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა (გოლი კაი ჰავერცმა ბუკაიო საკას პასით გაიტანა) და სატურნირო ცხრილში უპირატესობა განიმტკიცა.
ამ გამარჯვებით მეთოფეები მანჩესტერ სიტის 5 ქულით გაუსწრეს, თუმცა პეპ გვარდიოლას გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ჩემპიონატის დასრულებამდე სულ რაღაც ერთი ტურია დარჩენილი და ტიტულის ბედი შესაძლოა უახლოეს საათებში, არსენალის მოედანზე გასვლის გარეშეც კი გადაწყდეს.
საჩემპიონო სცენარები:
ჩემპიონობა სამშაბათსვე (მოედანზე გასვლის გარეშე): ერთადერთი სცენარი, რომელიც ტიტულის ბედს ბოლო ტურამდე გადაწყვეტს, დღეს, სამშაბათს საღამოს იქნება. მანჩესტერ სიტი სტუმრად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ბორნმუთს ხვდება. თუ სიტი ამ მატჩში ქულებს დაკარგავს (წააგებს ან ფრეს ითამაშებს), არსენალი ოფიციალურად გახდება პრემიერ ლიგის ჩემპიონი.
ბოლო ტურის დრამა: იმ შემთხვევაში, თუ სიტი დღეს ბორნმუთს დაამარცხებს, სხვაობა 2 ქულამდე შემცირდება და ყველაფერი კვირას, სეზონის ფინალურ დღეს გაირკვევა. ბოლო ტურში არსენალი სტუმრად კრისტალ პალასს შეხვდება. ოლივერ გლასნერის გუნდს 3 დღეში კონფერენს ლიგის ფინალი ელის რაიო ვალეკანოსთან, თუმცა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ არსენალის წინააღმდეგ მაინც უძლიერეს შემადგენლობას გამოიყვანს.
აღსანიშნავია, რომ არსენალი პარალელურად ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული, სადაც 30 მაისს, ბუდაპეშტში პსჟ-ს დაუპირისპირდება. სიტის ბანაკს კი დამატებით შოკისმომგვრელი ახალი ამბავი აზანზარებს. გავრცელებული ინფორმაციით, პეპ გვარდიოლა სეზონის ბოლოს გუნდს ტოვებს, რამაც შესაძლოა დღევანდელ მატჩზე უდიდესი გავლენა მოახდინოს.