გიორგი მიქაუტაძემ მადრიდულ Marca-ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც ვილიარეალის საჩემპიონო შანსებზე, თავის გოლებზე, საგოლე ჟესტზე, ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელ თამაშსა და სხვა საინტერესო თემებზე ილაპარაკა.
პროგრესის აუცილებლობაზე: "საკუთარი თავისგან მუდმივად ბევრს ვითხოვ - ჩემს დარტყმებზე, მოძრაობის კონტროლსა და მეკარის სიახლოვეს თამაშზე ვმუშაობ. 100%-ით საუკეთესო არასდროს იქნები, მაგრამ გასაუმჯობესებლად უწყვეტი შრომაა საჭირო".
ახალი წლის წარმატებით დაწყებაზე: "ვცდილობ, მოცემული სათამაშო დრო მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენო. კმაყოფილი ვარ იმით, როგორც 2026 წელი დაიწყო. თავს გადამწყვეტად, მნიშვნელოვნად და გამარჯვების ნაწილად ვგრძნობ. იმედი მაქვს, 2026-ში ჩემს მაჩვენებლებს კიდევ უფრო გავაუმჯობესებ".
რთულ / ლამაზ გოლებზე: "თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ რთული გოლების გატანა მიქაუტაძის მანერაა, რადგან ასეთები ხშირად გამაქვს. მარტივი გოლებიც გამიტანია, მაგრამ რთულების შეგდება უფრო მიყვარს და ვისურვებდი, ასე გავაგრძელო. ყოველთვის ვცდილობ, შეტევა ისე დავასრულო, როგორც იმ მომენტში შემიძლია - ფეხით თუ თავით.
ლა ლიგის სპეციფიკაზე: "ლა ლიგა ისეთი ჩემპიონატია, როგორიც ჩემს სტილს კარგად შეესაბამება. რამდენიმე ძალიან კარგი გუნდია და კონკურენციის გაწევა იმაზე მეტ გუნდს შეუძლია, ვიდრე ეს ლიგა 1-შია - სხვაობა სწორედ ესაა. ქულების მიხედვით, ჩვენ ისტორიულ სეზონს ვატარებთ და გვინდა, ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ".
სატიტულო შანსებზე: "რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ საუკეთესოებთან კონკურენცია შეგვიძლია და პირველი ადგილის დაკავებასაც ვისურვებდი, რადგან შეუძლებელი არაფერია. რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ სწორედ ამის დამტკიცებას ვცდილობთ. ჩვენს საქმეს თითო-თითო თამაშით ვაკეთებთ".
ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობაზე: "ყველასთვის საოცნებო ტურნირია და ეს მოტივაციას გვაძლევს. შედეგები იმედგაცურებაა, მაგრამ სამწვრთნელო სტაფი გვაძლევს იმის ძალას, რომ აქ მომავალ წელსაც დავბრუნდეთ".
საგოლე ჟესტზე: "ეს აღნიშვნა ჩემი ერთ-ერთი მეგობრისგან მოდის, როცა ფლეისთეიშენს ვთამაშობდით, ის გოლებს ასე აღნიშნავდა".
გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 საგოლე მოქმედება აქვს - 5 გოლი და 3 ასისტი. მისი გუნდი ცხრილში, 41 ქულით, მე-3 ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას 8 ქულით ჩამორჩება ისე, რომ მასზე 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ვილიარეალი 17 იანვარს, ლა ლიგის ეგიდით, ბეტისს სტუმრად ხვდება, 20 იანვარს კი ჩემპიონთა ლიგაზე აიაქსთან შინ ითამაშებს.