გიორგი ქოჩორაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც სევილიაში საქართველოს ნაკრებიდან ახლახან დაბრუნდა, საუბარი სანაკრებო პაუზისა და მომავალი შეხვედრის შესახებ დაიწყო.
„ხანგრძლივი სანაკრებო პაუზა იყო, ბევრი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ახლა დავბრუნდი. მომავალი შეხვედრისთვის ძალიან ინტენსიურად ვივარჯიშეთ. ამ მატჩში კი ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, რადგან სახლში ვბრუნდები.
როდესაც 2 ან 3 კვირით გუნდს წყდები, დაბრუნება და ჩვეულ რიტმში ჩადგომა ყოველთვის რთულია, თუმცა წარსულში მომხდარზე ფიქრი არ შეიძლება. უნდა დაბრუნდე უფრო ძლიერი, იბრძოლო და ვარჯიშებზე გაწეული შრომის დახმარებით ქულების დაგროვება გააგრძელო“, - განაცხადა ქოჩორაშვილმა.
„გასახდელში მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რასაც თითოეულ ვარჯიშზე ვაკეთებთ. მატჩისთვის მზადება სწორედ იქიდან იწყება. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი დღეა, შეხვედრისთვის მზად უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავიღოთ.
ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ფეხბურთზეა ორიენტირებული, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში მხოლოდ რამდენიმე საათს გრძელდება. მზად ვარ, გუნდს ნებისმიერ პოზიციაზე და ნებისმიერ დროს დავეხმარო, როცა მწვრთნელს დავჭირდები“, - აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა.
ქოჩორაშვილმა მომავალ მეტოქეზეც ისაუბრა:
„ჩვენ ისეთ გუნდს დავუპირისპირდებით, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს. ახლახან იბორას ვესაუბრე და ეს კარგად ვიცი. მათ ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ და შეეცდებიან, პრობლემები შეგვიქმნან. თუმცა ჩვენც ვეცდებით, ჩვენი საქმე მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ“.
საუბრის დასასრულს ქოჩორაშვილმა გუნდში არსებულ კონკურენციასა და გულშემატკივრების მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.
„აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ იბრძვის გუნდი თითოეულ ვარჯიშზე. ჩემთვის გასაკვირი და ამავდროულად შთამბეჭდავი იყო, რომ ყველა ფეხბურთელი, როგორც ვარჯიშზე, ისე მატჩის დროს, მაქსიმალურად იხარჯება.
ფეხბურთელი მატჩს მარტო ვერასდროს მოიგებს. დიდ ძალას გვაძლევენ როგორც მოედანზე მყოფი თანაგუნდელები, ისე ისინი, ვინც სათადარიგოთა სკამზე საკუთარ შანსს ელოდებიან.
როდესაც მოედანზე ხარ, ამ ენერგიას ნამდვილად გრძნობ. გულშემატკივრები საოცრად გვიჭერენ მხარს. თუ მიზნის მისაღწევად დამატებით 3-4 კილომეტრის გარბენაა საჭირო, ამას აუცილებლად გააკეთებ.
ჰიმნი, ატმოსფერო... ყველაფერი წარმოუდგენელია. ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ ისევ ამ სტადიონზე, რადგან იქ თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს“, - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.
სევილია თავის მატჩს ლევანტეს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს, ქართველი ნახევარმცველი კი თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება.