საუდის არაბეთში გასამართ UFC-ის ღონისძიებაზე 2 ხუთრაუნდიანი ბრძოლა ჩატარდება.
ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ისრაელ ადესანია შარა მაგომედოვს დაუპირისპირდება. მათი ბრძოლა UFC Saudi Arabia-ს მთავარი დაპირისპირება იქნება. ღონისძიება 5 დეკემბერს, რიადში, ANB Arena-ზე გაიმართება.
საშუალო წონის ორგზის ყოფილი ჩემპიონი ადესანია ზედიზედ 4 მარცხისგან შემდგარი სერიის შეწყვეტას შეეცდება.
The Last Stylebender-ის მეტსახელით ცნობილმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 2023 წლის სექტემბერში, UFC 293-ზე, შონ სტრიკლენდთან დაკარგა და მას შემდეგ გამარჯვება არ მოუპოვებია.
უფრო მეტიც, ადესანიას მომდევნო 3 მარცხი მსაჯების გადაწყვეტილებამდე არ მისულა, ის დრიკუს დუ პლესისთან, ნასურდინ იმავოვთან და ჯო პაიფერთან ვადაზე ადრე დამარცხდა.
რაც შეეხება შარა მაგომედოვს, მას UFC-ში 6 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს. Bullet-ის მეტსახელით ცნობილმა მებრძოლმა ბოლო 2 შეხვედრა მიშელ პერეირასა და მარკ-ანდრე ბარიოს წინააღმდეგ მოიგო.
მაგომედოვმა UFC-ში ერთადერთი მარცხი მაიკლ პეიჯთან განიცადა, როდესაც 2025 წლის თებერვალში, UFC Saudi Arabia-ზე, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
გარდა ამისა, ღონისძიების მე-2 მთავარი ბრძოლაც 5-რაუნდიანი იქნება.
ქვესაშუალო წონის ტიტულის ყოფილი პრეტენდენტი იან მაჩადო გარი ოქტაგონს პირველად დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც აგვისტოში, UFC 330-ზე, ისლამ მახაჩევთან დამარცხდა.
მისი მეტოქე Bellator-ის ყოფილი ჩემპიონი იაროსლავ ამოსოვი იქნება.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში მთავარ ქარდზე იბრძოლებს ლევან ჩოხელი, რომელიც ქვესაშუალო წონაში ისლამ დულატოვს დაუპირისპირდება.
UFC Saudi Arabia-ს მთავარი ქარდის დანარჩენი ბრძოლები:
სერგეი სპივაკი - მარიო პინტო (მძიმე წონა)
ლევან ჩოხელი - ისლამ დულატოვი (ქვესაშუალო წონა)
მაირონ სანტოსი - აკბარ აბდულაევი (მსუბუქი წონა)
იონ კუცელაბა - მაგომედ ტუჩალოვი (ქვემძიმე წონა)
