-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი, რომელმაც UFC 333-ზე მოვსარ ევლოევი დაამარცხა, შესაძლოა, კვლავ მსუბუქ წონაში გადავიდეს.
ვოლკანოვსკიმ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, მსუბუქი წონის ჩემპიონ ჯასტინ გეიჯის სუპერბრძოლაში დაუპირისპირდეს. ამჟამად გეიჯის საკუთარი კარიერის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
თუ გეიჯი კარიერის დასრულებამდე კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარებას გადაწყვეტს, შესაძლოა, მისი მეტოქე სწორედ ვოლკანოვსკი გახდეს.
თუმცა ავსტრალიელმა მებრძოლმა ასევე გამოთქვა სურვილი, მსუბუქ წონაში (155 ფუნტი) ილია თოფურიასთან რევანში გამართოს. შეგახსენებთ, რომ თოფურია მიმდინარე წლის დასაწყისში, UFC Freedom 250-ზე, გეიჯისთან დამარცხდა.
UFC 298-ზე გამართული ბრძოლის შემდეგ, რომელშიც თოფურიამ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი მოიპოვა, მებრძოლებს ერთმანეთის მიმართ არაერთხელ გამოუხატავთ პატივისცემა.
თუმცა ვოლკანოვსკის რევანშის სურვილი კვლავ აქვს, რადგან თოფურიამ მას ქვემსუბუქ წონაში კარიერის ერთადერთი მარცხი აგემა.
MMA-ს ჟურნალისტ ალვარო კოლმენეროსთან ინტერვიუში თოფურიამ ვოლკანოვსკის რევანშის შეთავაზებას უპასუხა.
სიმართლე გითხრათ, მას იმდენად დიდ პატივს ვცემ და იმდენად შემიყვარდა, რომ დარტყმასაც კი ვერ მივაყენებდი. არა, ჩვენ ერთმანეთს ვეღარ დავუპირისპირდებით. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც უბრალოდ არ მინდა. რისთვის? შესაძლოა, ძალიან კონკურენტული ბრძოლა გამოვიდეს. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ დავამარცხე, არ ნიშნავს, რომ მას ჩემი დამარცხება არ შეუძლია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ჩემთვის ის ქვემსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლია, ყველაზე მაღლა დგას. ყველაზე დომინანტური ჩემპიონია, რომელმაც ამ დივიზიონში ყველაზე დიდი დრო გაატარა. ის საუკეთესოა.
მეც ვიყავი ჩემპიონი, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით, შემდეგ კი სხვა წონაში გადავედი. დიახ, მე ის დავამარცხე. მაქს ჰოლოუეიც დავამარცხე. გავაკეთე ის, რაც მანამდე ვერავინ შეძლო. ნოკაუტით დავამარცხე დივიზიონში, სადაც მანამდე ნოკაუტით არასდროს წაეგო, შემდეგ კი წავედი. თუმცა, თუ მის მრავალწლიან კარიერასა და მიღწევებს გადავხედავთ, მან ჩემზე გაცილებით მეტს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ ვოლკანოვსკისა და თოფურიას კარიერები ერთმანეთთან სამუდამოდ იქნება დაკავშირებული, როგორც ჩანს, მსუბუქ წონაში მათი განმეორებითი დაპირისპირება ნაკლებად სავარაუდოა.
შესაბამისად, ვოლკანოვსკის მცდელობა, 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდეს, სავარაუდოდ, თოფურიასთან ბრძოლის გარეშე გაგრძელდება.
„სოსისივით შევჭამ", - თოფურია გეიჯისთან მარცხსა და მომდევნო ბრძოლაზე

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები