-
Aa
+
ფონტის ზომა
საფეხბურთო კლუბი კოპენჰაგენი 1992 წელს დანიის დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში, ოსტერბროში შეიქმნა, თუმცა ეს საფეხბურთო გუნდის კლასიკური დაარსების ისტორია არ ყოფილა და საქმე უფრო საინტერესოდაა.
კოპენჰაგენი ორი ისტორიული კლუბის, ქიობენჰავნს ბოლდკლუბისა და ბოლდკლუბენ 1903-ის გაერთიანების შედეგად შეიქმნა. კბ კონტინენტური ევროპის უძველესი საფეხბურთო კლუბია, რომელიც 1876 წელს შეიქმნა, ხოლო ბოლდკლუბენის დაარსების წელს კლუბის დასახელებაც ცხადყოფს.
1980-იან წლებში კოპენჰაგენის რეგიონის კლუბებში არსებული ფინანსური სირთულეებისა და კბ-ს გაკოტრების პირას ყოფნის გამო, ორმა კლუბმა გაერთიანება გადაწყვიტა. ასე შეიქმნა კოპენჰაგენი - ახლად შექმნილმა კლუბმა დანიის სუპერლიგის ჩემპიონატში სათამაშოდ B1903-ის ლიცენზია გამოიყენა, ხოლო კბ კლუბის ოფიციალურ სარეზერვო გუნდად იქცა.
იმავე, 1992 წელს განახლებული პარკენი გაიხსნა, სადაც დანიის დედაქალაქის ახლად დაბადებული კლუბი დასახლდა. კოპენჰაგენმა პირველივე სეზონში მოიგო ეროვნული ჩემპიონატი და მას შემდეგ დანიურ ფეხბურთში დომინაცია აღარავის დაუთმო.
34 წელიწადში კოპენჰაგენმა დანიის ჩემპიონატი 16-ჯერ მოიგო - უკანასკნელად ეს 2024/25 წლების სეზონში შეძლო, რითაც თავისი წინაპრის, ქიობენჰავნს ბოლდკლუბის საუკეთესო შედეგი, 15 ჩემპიონობა ჩამოიტოვა. ამ პერიოდში დედაქალაქურმა კლუბმა 10-ჯერ ქვეყნის თასის, 3-ჯერ სუპერ თასისა, ხოლო ერთხელ ლიგის თასის მოგებაც შეძლო.
კოპენჰაგენი ხშირად არც ევროპულ ასპარეზს აკლდებოდა - დანიელებმა 7-ჯერ ჩემპიონთ ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშეს, 9-ჯერ უეფას თასსა და ევროპა ლიგაზე, ხოლო ეს კონფერენს ლიგაზე მათი მესამე ასპარეზობაა.
ჩემპიონთა ლიგაზე დანიელების საუკეთესო შედეგი მერვედფინალია. კოპენჰაგენი 2011 წელს მერვედფინალში ჩელსისთან დამარცხდა, ხოლო 2024 წელს მანჩესტერ სიტისთან. 2019/20 წლების სეზონში კოპენჰაგენმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მანჩესტერ იუნაიტედთან დამატებით დროში დამარცხდა.
კოპენჰაგენში წლების მანძილზე ისეთ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც არიან ბრაიან ლაუდრუპი, იესპერ გრონკიარი, ნიკლას ბენდტნერი, კრისტიან პოულსენი, თომას დელანი, რასმუს ჰოილუნდი.
კოპენჰაგენში დაამთავრა კარიერა საქართველოს ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ, რომელიც დანიურ კლუბში 2021-2024 წლებში თამაშობდა. კიდევ ერთი ქართველი მცველი, რომელიც ლურჯი ლომების მაისურს ატარებდა გიორგი გოჩოლეშვილია - მარჯვენა მცველმა დანიაში იჯარით 2024-25 წლების სეზონი გაატარა. საინტერესოა, რომ ორივე ქართველი კოპენჰაგენში დონეცკის შახტარიდან გადაბარგდა.
გასულ სეზონში კოპენჰაგენმა დანიის 22-ტურიან რეგულარულ ჩემპიონატში მე-7 ადგილი დაიკავა, რის გამოც ქვედა, საკვალიფიკაციო ექვსეულში მოხვდა. ლომებმა ქვედა ექვსეულში პირველი ადგილი დაიკავეს, რის შემდეგაც ევროთასების პირდაპირი საგზურის მიღმა დარჩენილი ზედა ექსვეულის ბრონდბიუსთან პლეი-ოფი ითამაშა.
კოპენჰაგენმა ბრონდბიუ დამატებით დროში, იუსუფა მუკოკოს დუბლით დაამარცხა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. დანიელებმა უკრაინული ჟიტომირის პოლისიე, უნგრული დებრეცენი და ფინური ინტერ ტურკუ დაამარცხეს, რის შემდეგაც ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს.
მიმდინარე სეზონში კოპენჰაგენმა 13 ტურში 9 მატჩი მოიგო და დანიის ჩემპიონატის მეორე პოზიციაზეა - დედაქალაქელები მხოლოდ მიტიულანდს ჩამორჩებიან. კონფერენს ლიგაზე კოპენჰაგენმა პირველ მატჩში შინ ბრაგა 3:0 განადგურა, ხოლო მეორე ტურში ცვერნა ზვეზდასთან გასვლაზე ფრედ 2:2 ითამაშა.
რაც შეეხება იბერია 1999-ს, არწივები წლევანდელ ევროტურნირებზე საქართველოს ჩემპიონის სახელით მოხვდნენ და ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყეს - თბილისურმა კლუბმა ესტონური ფლორა ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა, ხოლო მეორე ეტაპზე სლოვან ბრატისლავასთან 3:1 დამარცხდა.
თბილისური გუნდი საშინაო ასპარეზზე სეზონის დასკვნით ფაზაშია და საქართველოს ზედიზედ მესამე ჩემპიონობისთვის იბრძვის. არწივები ეროვნული ლიგის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ცხრილის მეორე პოზიციაზე იმყოფებიან და ლიდერ ბათუმის დინამოს სამი ქულით ჩამორჩებიან.
იბერიამ წლევანდელ ევროტურნირებზე საქართველოს ჩემპიონის სახელით მოხვდა და ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო - თბილისურმა კლუბმა ესტონური ფლორა ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა, ხოლო მეორე ეტაპზე სლოვან ბრატისლავასთან 3:1 დამარცხდა.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერიამ ჩრდილოირლანდიური ლარნე ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და პლეი-ოფში იაგელონიასთან მარცხის მიუხედავად, კონფერენს ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა გაინაღდა.
ლევან კორღალიძის გუნდი კონფერენს ლიგის პირველ ტურში გასვლაზე ბელგიურ სენტ-ტრუიდენთან 2:0 დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში თბილისში შვედურ მიალბის უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 1:1 ითამაშა.
დანიაში კოპენჰაგენთან გასამართი მატჩისთვის იბერიას ანდრია ბართიშვილი, გიორგი ბერიძე და ვახო ბედოშვილი დააკლდება - ბართიშვილი ბოლო ტურში დინამოსთან მატჩში დაზიანდა, ბერიძის კონფერენს ლიგის განაცხადში შეყვანა ვერ მოესწრო, ხოლო ბედოშვილი დისკვალიფიცირებულია.
შეგახსენებთ, რომ უეფას კონფერენს ლიგის მესამე ტურის მატჩი კოპენჰაგენსა და იბერია 1999-ს შორის, ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, 23:55-ზე პარკენის სტადიონზე გაიმართება.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები