საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უნგრეთთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თავის სამწვრთნელო ხელწერასა და გუნდისთვის განსაზღვრულ ტაქტიკურ ხედვაზე ისაუბრა.
მწვრთნელის თქმით, მის მიდგომებსა და სტილს გულშემატკივარი და სპეციალისტები უკვე წინა მატჩებშიც შეამჩნევდნენ, თუმცა გლობალური იდეებისა და საბოლოო სურათის შესაქმნელად დროა საჭირო:
დაკვირვებული თვალი ნაკრებში ჩემს სამწვრთნელო ხელწერას წინა მატჩებშიც შეამჩნევდა. ცხადია, უფრო დიდი სურათისთვის დრო დაგვჭირდება, რის შემდეგაც ჩვენს იდეებსა და გეგმას უკეთესად დაინახავთ.
სვანაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში ერთობლივად მუშაობის წარმატებული გამოცდილებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი თითოეული მოთამაშისთვის როლის ზუსტი გააზრებაა:
ჩვენ ერთმანეთს პირველად არ ვხვდებით, სწორედ ჩემი და ჩემი სტაფის ხელმძღვანელობით ითამაშა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ორ ევროპის ჩემპიონატზე. იქ ნათლად დაინახავდით, თუ რა იყო ჩვენი ხელწერა. ჩვენი ხელწერის ერთ-ერთი დეტალია, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდეს მოედანზე რა უნდა გააკეთოს და რატომ უნდა გააკეთოს.