-
Aa
+
ფონტის ზომა
ალბათ ძალიან ცოტა საფეხბურთო დაპირისპირებას აქვს ისეთი ძლიერი ისტორიული ქვეტექსტი, როგორიც ინგლისისა და არგენტინის დუელებს. სწორედ აქ იყო დიეგო მარადონას ლეგენდარული „ღმერთის ხელი“ და მისი „საუკუნის გოლი“ 1986 წლის მუნდიალზე, მოგვიანებით კი - დევიდ ბექჰემის დრამატული გაძევება 1998 წელს, რამაც მაშინ ინგლისელი ერის მტრად აქცია. ამ ნაკრებების ბოლო შეხვედრიდან უკვე ორ ათწლეულზე მეტი გავიდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ნახევარფინალი მზადაა ამ დიდი საფეხბურთო მტრობის კიდევ ერთი ნათელი თავი დაწეროს.
ინგლისი - არგენტინა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 23:00
მერსედეს-ბენც სტედიუმი, ატლანტა
მთავარი არბიტრი: ისმაილ ელფატი (აშშ)
ინგლისის ნაკრები კიდევ ერთ წარმატებულ დიდ ტურნირს ატარებს და 2018 წლის შემდეგ უკვე მეოთხე ნახევარფინალში გავიდა. „სამი ლომის“ გზა იოლი არ ყოფილა: ჯგუფში გამარჯვების შემდეგ მათ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაამარცხეს, შემდეგ სანახაობრივ მატჩში ტურნირის მასპინძელი მექსიკა გამოთიშეს ასპარეზობას, ხოლო მეოთხედფინალში ნორვეგიის წინააღმდეგ ხასიათი გამოავლინეს. ამ შეხვედრის გმირი ჯუდ ბელინგემი გახდა, რომელმაც ექსტრა-ტაიმში დუბლი გააფორმა და ინგლისელებს 2:1 გამარჯვება მოუტანა.
ამავდროულად, ინგლისელებს გარკვეული პრობლემებიც აქვთ. გუნდი პლეი-ოფში რეგულარულად უშვებს გოლებს, ხოლო დაცვის მარჯვენა ფლანგზე საკადრო სირთულეების გამო კითხვები კვლავ რჩება. თუმცა, შეტევა ამ ნაკლს შესანიშნავად აკომპენსირებს: ჰარი კეინსა და ჯუდ ბელინგემს ტურნირზე უკვე 6-6 გოლი აქვთ გატანილი და ბომბარდირთა რბოლაში ლიონელ მესის მისდევენ. გარდა ამისა, კეინმა შესაძლოა ეროვნულ გუნდში თავისი 121-ე მატჩი ჩაატაროს და მინდვრის მოთამაშეებს შორის ინგლისის რეკორდსმენი გახდეს.
მეორე მხრივ, არგენტინა დამაჯერებლად აგრძელებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვას. ლიონელ სკალონის გუნდმა მუნდიალზე ექვსივე მატჩი მოიგო, ბოლო ოთხ შეხვედრაში კი სტაბილურად 3-3 გოლი გააქვს. ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე არგენტინელებმა კაბო-ვერდეს აჯობეს, ეგვიპტესთან საოცარი ქამბექი შემოგვთავაზეს, ხოლო 1/4 ფინალში, უმცირესობაში მყოფ, მებრძოლ შვეიცარიას დამატებით დროში ხულიან ალვარესის ფანტასტიკური დარტყმის წყალობით აჯობეს. შესაძლოა, ჩემპიონების მეტოქეების დონესთან დაკავშირებით ამ პლეი-ოფში კითხვები არსებობდეს, თუმცა ახლა მათ წინაშე ნამდვილი გამოწვევაა.
მიუხედავად ლიდერების სოლიდური ასაკისა, „ალბისელესტე“ საოცრად დაბალანსებულ გუნდად რჩება. ლიონელ მესის ანგარიშზე უკვე 8 გოლი და 10 საგოლე მოქმედებაა, მის გვერდით კი შესანიშნავად მოქმედებენ ალექსის მაკ ალისტერი, ენცო ფერნანდესი და როდრიგო დე პაული. აღსანიშნავია, რომ არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალური სტადია არასდროს წაუგია, ხოლო მათი წაუგებელი სერია მუნდიალებზე კატარი 2022-ის შემდეგ უკვე 12 მატჩს ითვლის.
გულშემატკივრებს ორი მებრძოლი და საინტერესო გუნდის დაპირისპირება ელოდებათ. ინგლისი ეცდება მეტოქეს მაღალი ტემპი მოახვიოს თავს, გამოიყენოს ფლანგების სისწრაფე და ბელინგემის ბრწყინვალე ფორმა, ხოლო არგენტინა ტრადიციულად ბურთის კონტროლს, მესის მაგიურ გამოცდილებასა და მეტოქის უმცირესი შეცდომების დასჯას დაეყრდნობა. შეცდომის ფასი უდიდესია - გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს, სადაც მას უკვე ელოდება გუშინდელი გამარჯვებული, ესპანეთის ნაკრები.
ინგლისი: პიკფორდი - კონსა, სტოუნზი, გეჰი, ო'რაილი - რაისი, ანდერსონი - საკა, ბელინგემი, გორდონი - კეინი
არგენტინა: ე. მარტინესი - მოლინა, რომერო, ლ. მარტინესი, ტალიაფიკო - პარედესი - დე პაული, ენცო ფერნანდესი, მაკ ალისტერი - მესი, ხ. ალვარესი.
ურთიერთშეხვედრები
ინგლისისა და არგენტინის ურთიერთშეხვედრების ისტორია 16 მატჩს ითვლის, საიდანაც 6 გამარჯვება სამმა ლომმა მოიპოვა, 3 არგენტინამ, კიდევ 5-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.
უშუალოდ მუნდიალებზე ეს გუნდებს შორის მე-6 დაპირისპირება იქნება (3 გამარჯვება ინგლისს, 1 არგენტინას, 1 ფრე დაფიქსირდა და არგენტინამ პენალტებში იმარჯვა)
ბოლო შეხვედრა 05/06 წლებით თარიღდება, როცა ინგლისმა ამხანაგური დაპირისპირება 1:0 მოიგო.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები

