2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უკვე დღეს, 14 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გაირკვევა. დაძაბულ და საინტერესო ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
საფრანგეთის ზედიზედ მესამე და ისტორიაში მეხუთე, თუ ესპანეთის მეორე?
საფრანგეთის ნაკრებს რომ ოქროს ეპოქა უდგას, ამას ბოლო მუნდიალების შედეგებიც მოწმობს - 2018 წელს გუნდმა ისტორიაში მეორედ შეძლო თასის მოპოვება, 2022-ში ფინალში ითამაშა და არგენტინასთან მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა, ახლა კი ზედიზედ მესამე ფინალისაკენ მიმავალ გზაზე ფურია როხა უდგას.
ფურია როხა, რომელმაც მუნდიალის საპლეიოფო დაპირისპირება მოგებული 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ პირველად, სწორედ ამ ტურნირზე მოიგო. 2014-ში იყო ჯგუფში ჩარჩენა, 2018 და 2022 წლებში კი ესპანელები სტაბილურად 1/8 ფინალში ვარდებოდნენ. ნაკრებს ამ დრომდე ერთადერთი ფინალი აქვს ნათამაშები - 2010-ში ვისენტე დელ ბოსკეს ბიჭებმა ნიდერლანდებს მძიმე ბრძოლაში, დამატებით დროში 1:0 მოუგეს.
ფინალისაკენ მიმავალ გზაზე ორივე ფავორიტმა გზა განსხვავებულად, მაგრამ დამაჯერებლად გაიარა.
საფრანგეთმა ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და 9 ქულით შეძლო პირველი ადგილის დაკავება. პლეი-ოფში იყო განადგურებული შვედეთი (3:0), საფეხბურთო ომში დამარცხებული პარაგვაი (1:0) და დამაჯერებელი გამარჯვება მაროკოსთან (2:0). ამ ტურნირზე ფრანგების კარის აღება მხოლოდ ჯგუფის პირველ მატჩში სენეგალმა (3:1) და ნორვეგიამ (3:1) შეძლეს, პლეი-ოფში კი გუნდი გოლის გაშვების გარეშე მიიწევს წინ. ნაკრებს წინ კილიან მბაპე (8 გოლი) და უსმან დემბელე (4 გოლი) მიუძღვებიან, თუმცა შთამბეჭდავ ტურნირს ატარებს მაიკლ ოლისეც, რომელიც საგოლე გადაცემებითა და ელეგანტური თამაშით ამშვენებს „ლე ბლეს" შეტევას.
ესპანეთი ნაკლებად სანახაობრივად, მაგრამ ასევე სტაბილურად ახერხებს თავისი ხაზის გაყოლას და წარმატების მიღწევას. ჯგუფის პირველ მატჩში ტურნირის სენსაცია კაბო ვერდესთან უგოლო ფრის შემდეგ, ფურია როხამ ჯერ საუდის არაბეთის ნაკრები გაანადგურა (4:0), შემდეგ კი ურუგვაის მოუგო (1:0) და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება დიდი გართულებების გარეშე შეძლო.
პლეი-ოფში ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ავსტრია გაანადგურა (3:0), შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს ბოლო მუნდიალიდან გაუშვა სახლში ნაადრევად (1:0), 1/4 ფინალში კი გუნდმა ბელგიის ბარიერი გადალახა და ამ ტურნირზე პირველი გოლიც (2:1) სწორედ ამ შეხვედრაში გაუშვა. ბოლო ორ მატჩში გუნდს მშველელად ცვლილებაზე შემოსული მიკელ მერინო მოევლინა, რომელმაც 1/8 ფინალშიც და 1/4 ფინალშიც ბოლო წუთებზე შეძლო გამარჯვების გოლის გატანა და ექსტრა-ტაიმები არ დაუშვა.
ურთიერთშეხვედრები
საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება საკმაოდ მდიდარია ურთიერთდაპირისპირებებით და 38 მატჩშ ითვლის, საიდანაც 18 გამარჯვება ესპანელებს დარჩათ, 13 ფრანგებს, 7 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ამ 38 მატჩში ესპანეთმა 71 გოლი გაიტანა და მხოლოდ 44 გაუშვა.
სათქმელია ისიც, რომ გუნდებს შორის ბოლო ორი დაპირისპირება ფურია რაოხას გამარჯვებით დასრულდა - ევრო 2024-ის ნახევარფინალში ესპანეთმა 2:1 მოიგო, ერთა ლიგის 1/2 ფინალში კი უხვგოლიანი თრილერი ვიხილეთ და წითლებმა 5:4 მოიგეს. საფრანგეთის ბოლო გამარჯვება 2021 წლის ერთა ლიგის ფინალით თარიღდება, რომელიც ფრანგებმა ბენზემას და მბაპეს გოლებით დაასრულეს თავის სასარგებლოდ.
38 გამართული მატჩიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი მოდის - გუნდები ერთმანეთს 2006 წლის 1/8 ფინალში შეხვდნენ და მაშინ საფრანგეთმა 3:1 რიბერის, ვიეირას და ზიდანის გოლებით მოიგეს. ესპანეთი სრიგებში თავის გამოჩენა დავიდ ვილიამ მოახერხა.
გუნდის მთავარი ვარსკვლავები
კილიან მბაპეს და ლამინ იამალს განსხვავებული მუნდიალები აქვთ - თუ ფრანგი თავის სამუნდიალო თამასას ინარჩუნებს და 8 გოლით მესისთან ერთად საუკეთესო ბომბარდირთა დავას ლიდერობს, იამალის ციფრები, რომელიც თავის პირველ მსოფლიოს ატარებს, გაცილებით მოკრძალებულია. 19 წლის შემტევმა ტურნირი ტრავმით დაიწყო და პირველ მატჩში სულაც სასტარტოში ვერ მოხვდა, თუმცა მთლიანობაში მან 6 მატჩი მაინც ჩაატარა და ჯერჯერობით 1 გოლით დაიკვეხნის.
თუ მბაპე გაცილებით კარგი მუნდიალით იქებს თავს, იამალის სასარგებლოდ კილიანის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩების სტატისტიკა საუბრობს: ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს კარიერაში 10-ჯერ დაუპირისპირდა და ამ დრომდე იამალმა 8 მატჩის მოგება შეძლო, მბაპემ კი - მხოლოდ ორის.
სავარაუდო შემადგენლობები
საფრანგეთი: მენიო, კუნდე, უპამეკანო, სალიბა, დინი, რაბიო, ჩუამენი, დემბელე, დუე, ოლისე, მბაპე
ესპანეთი: სიმონი, პორო, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია, პედრი, როდრი, ოლმო, ბაენა, იამალი, ოიარსაბალი.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები

