თელავში მიმდინარე ხელბურთის 18-წლამდელთა B დივიზიონის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა და A დივიზიონში დაწინაურდა.
ჩვენმა გუნდმა ტურნირის ფინალურ მატჩში ბულგარეთთან 28:35 წააგო. მარცხის მიუხედავად, საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ნიკოლოზ მამულაშვილი, რომელმაც მეტოქეს 10 გოლი გაუტანა.
მამულაშვილი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს, როგორც მარცხენა ინსაიდი. მის გარდა, სიმბოლურ გუნდში ვახტანგ ხარებაშვილი (მარჯვენა ინსაიდი) და ვანო გურგენიძე (ხაზის მოთამაშე) მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე ბულგარელი დანიელ ივანოვი გახდა - მეტოქეთა კარში 56 გოლი გაიტანა და ჩემპიონობაში უმთავრესი წვლილი ჰქონდა.
ვითარება ასეთია - საქართველოს ნაკრები მომდევნო სეზონიდან ევროპის A დივიზიონში ითამაშებს, რაც მთავარ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალურ შანსს იძლევა.
შეგახსენებთ, შოთა თევზაძის გაწვრთნილმა 18-წლამდელებმა ჯგუფურ ეტაპზე დიდ ბრიტანეთს, ბულგარეთს, კვიპროსსა და კოსოვოს მოუგეს, ხოლო ბელგიასთან დამარცხდნენ.
ფოტო: საქართველოს ხელბურთის ფედერაცია