ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ, ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში, ბილბაოს ატლეტიკთან სტუმრად ითამაშა და მეტოქეს უგოლოდ დაშორდა.
ფრანგებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ და შანსებიც საკმარისად შექმნეს, თუმცა შესანიშნავი თამაში ჩაატარა ბასკთა მეკარე უნაი სიმონმა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ქართველი შემტევი პარიზელთა რიგებში 90 წუთი თამაშობდა - ბურთს 58-ჯერ შეეხო, კარში ერთხელ დაარტყა, 4-დან 1 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, მის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდნენ, 40-დან 32 პასი ზუსტად გააკეთა, 12-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო საჰაერო დუელში 3-დან ერთხელ იმარჯვა.
65-ე წუთზე, ბრედლი ბარკოლამ გარღვევა განახორციელა და მეკარე მასზე გადავიდა, კვარა კარის წინ მარტო იდგა, თუმცა ფრანგმა დარტყმა არჩია და ძელს მოარტყა - პასის შემთხვევაში, ქართველი დაუცველ კართან რჩებოდა.
6 ტურის შემდეგ, პარიზელებს 13 ქულა აქვთ და ცხრილის მე-3 ადგილზე არიან - ბაიერნს 2 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ლიდერ არსენალს - 5-ით.
ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურში, 20 იანვარს, პოტენციურად ქართული დაპირისპირებაა - გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგი საკუთარ ჟოზე ალვალადეზე კვარას პსჟ-ს უნდა შეხვდეს.