მადრიდის ატლეტიკოს ყოფილმა თავდამსხმელმა, დიეგო კოშტამ, მარიო სუარესთან ინტერვიუში კარიერის ის ემოციური მომენტი გაიხსენა, როდესაც კლუბიდან წასვლასთან ძალიან ახლოს იყო.
37 წლის ფორვარდმა გულახდილად დიეგო სიმეონესთან კონფლიქტზე ისაუბრა, რომელიც ჯერ კიდევ იქამდე მოხდა, სანამ ის გუნდის მთავარი ვარსკვლავი გახდებოდა.
„2012 წელს დიეგო სიმეონემ მითხრა, რომ ჩემზე იმედებს არ ამყარებდა. მე ვუპასუხე, რომ რეგულარული თამაში მჭირდებოდა, ამიტომ უნდა წავსულიყავი. იმ პერიოდში უეფას სუპერთასზე ჩელსის ვეთამაშებოდით და ბოლო შეცვლა იყო დარჩენილი. ვხურდებოდი და მოედანზე გასასვლელად ვემზადებოდი, მაგრამ სიმეონემ ფალკაოს ნაცვლად ემრე შეიყვანა.
იმ მომენტში მწვრთნელის მოკვლა მინდოდა. ჩემს აგენტს, ჟორჟე მენდეშს დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემთვის ახალი კლუბი უნდა ეპოვა, თორემ სიმეონეს მოვკლავდი. ეს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო. უფრო დიდხანს რომ ყოფილიყო ღია, აუცილებლად წავიდოდი“. — აღნიშნა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ დიეგო კოსტა საბოლოოდ ატლეტიკოში დარჩა, თუმცა 2014 წელს მაინც გადაბარგდა ლონდონის ჩელსიში, საიდანაც მადრიდულ კლუბს ოთხი წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა.