მადრიდის ატლეტიკოს სიმბოლო, ანტუან გრიზმანი, კარიერის აშშ-ში გაგრძელებასთან ძალიან ახლოსაა.
L’Équipe-ის ინფორმაციით, 34 წლის ფრანგმა ფორვარდმა და ორლანდო სიტიმ თითქმის ყველა დეტალი შეათანხმეს და მხარეებს მხოლოდ ხელფასთან დაკავშირებული მცირე საკითხები დარჩათ მოსაგვარებელი.
წყაროების თანახმად, ტრანსფერის განხორციელების ალბათობა ამ ეტაპზე 95%-ია. მიუხედავად იმისა, რომ ატლეტიკოს ხელმძღვანელობას მსოფლიო ჩემპიონის სეზონის ბოლომდე შენარჩუნება სურს, გრიზმანი გუნდის ახლავე დატოვებას განიხილავს.
მართალია, გრიზმანს კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, თუმცა მას კლუბთან არაოფიციალური შეთანხმება აკავშირებს, რომლის მიხედვითაც გუნდიდან წასვლა ნებისმიერ დროს შეუძლია. გარდა ამისა, მის ხელშეკრულებაში მცირე გამოსასყიდი თანხაა მითითებული, რაც ორლანდოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ანტუანს სჯერა, რომ MLS საუკეთესო ვარიანტია და შიშობს, რომ ზაფხულში მსგავსი ხელსაყრელი პირობები აღარ ექნება. მან საკუთარი სურვილის შესახებ დიეგო სიმეონეს უკვე აცნობა.
Cadena SER-ის ცნობით, გრიზმანის გარემოცვა გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ჩატარებას 7 მარტს, რეალ სოსიედადის წინააღმდეგ გეგმავს — კლუბის, სადაც ფრანგის ესპანური კარიერა დაიწყო.