საქართველოს თასის მოქმედმა ჩემპიონმა, დილა გორმა ლატვიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, კრისტაპს გრაბოვსკისი ოფიციალურად გაიფორმა.
"ლატვიის ნაკრების 21 წლის შემტევი ნახევარმცველი, კრისტაპს გრაბოვსკისი დილას ფეხბურთელია.
ახალგაზრდა ფეხბურთელს, მშობლიური მეტას გარდა, ნათამაშები აქვს გერმანული ლაიფციგის ასაკობრივ გუნდებსა და ვენის რაპიდის მეორე გუნდის შემადგენლობაში, დილას კი დანიური ბოლდკლუბენიდან შემოუერთდა", - აღნიშნულია შიდა ქართლური კლუბის პოსტში.
გრაბოვსკისმა გასული სეზონი დანიის რანგით მე-2 დივიზიონის კლუბ ბოლდკლუბენში გაატარა და 27 მატჩში 4 საგოლე მოქმედება შეასრულა - 2 გოლი, 2 ასისტი.
2022-23 წლების სეზონში, ლაიფციგის შემადგენლობაში, უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე 2 მატჩი ჩაატარა, 2024 წლიდან კი ლატვიის ნაკრების წევრია - ჯერ კიდევ შეუძლია თამაში 21-წლამდელთა ნაკრებშიც და პერიოდულად იქაც იძახებენ.
ეროვნული ლიგის 19 ტურის შემდეგ, დილა გორი მე-6 ადგილზეა, თუმცა ზედა სამეულს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.
8 აგვისტოს, გორული გუნდი მოქმედ ჩემპიონ იბერია 1999-ს ესტუმრება და სეზონის მეორე ნახევარს სწორედ ამ შეხვედრით განაახლებს.