ხეტაფემ საბა საზონოვი მედიას წარუდგინა. ქართველმა მცველმა შეფასებები გააკეთა და ახალი გუნდის შესახებ ილაპარაკა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხეტაფესთან კონტრაქტი გავაფორმე, ეს კლუბი ოჯახს ჰგავს და ყოველდღიურად შესანიშნავი ატმოსფეროა.
ვიცი, რომ ბოლო სეზონში ბევრი არ მითამაშია, მაგრამ ახლა მხოლოდ აწმყოზე ვარ ფოკუსირებული და ამ გუნდისთვის ყველაფრის გაღებას ვაპირებ. მწვრთნელს უკვე ვესაუბრე, ის ბოლო დღეებში ძალიან მეხმარებოდა", - აღნიშნა 24 წლის ცენტრალურმა მცველმა.
საბა 2023 წლის ზაფხულიდან სერია A-ს კლუბ ტორინოს რიგებში ირიცხებოდა, თუმცა ჯამში მხოლოდ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გასულ სეზონში კი მოედანზე სულაც ერთხელ გავიდა.
არის შანსი, რომ საზონოვი ახალ გუნდში ერთადერთი ქართველი არ იყოს და მას გიორგი ქოჩორაშვილი შეემატოს. პორტუგალიური Record-ი გასულ კვირას წერდა, რომ დედაქალაქელები ქოჩორას ტრანსფერზე მუშაობენ, თუმცა ჰყავთ სერიოზული კონკურენტებიც - დეპორტივო ლა კორუნია და სევილია.
ხეტაფეს წვრთნის ხოსე ბორდალასი, რომელიც 2021-22 წლების სეზონში ვალენსიაში, გიორგი მამარდაშვილის დამრიგებელი იყო. 62 წლის სპეციალისტი ხეტაფელებს 2016-21 წლებშიც ედგა სათავეში, მეორედ პოსტზე კი 2023 წლის აპრილში დაინიშნა.
სამხრეთ მადრიდულმა კლუბმა ლა ლიგის გასულ სეზონში მე-7 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.