საქართველოს ნაკრებმა თელავში მიმდინარე ხელბურთის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
შოთა თევზაძის გაწვრთნილმა გუნდმა, დიდი ბრიტანეთისა და ბულგარეთის დამარცხების შემდეგ, კვიპროსის ნაკრებს 10-ბურთიანი სხვაობით აჯობა და ჯგუფში პოზიციები განიმტკიცა - 29:19.
მატჩის საუკეთესო ხელბურთელად დასახელდა მეკარე გიორგი ქევხიშვილი, რომელიც ნაკრებში დებიუტანტი იყო და 12 ბურთი მოიგერია.
შეტევაში ყველაზე შედეგიანი გიორგი კაპანაძე გახლდათ - 6 გოლი შეაგდო, ნიკოლოზ ბიბლაიამ 5 გოლი გაიტანა, ვახტანგ ხარებაშვილმა - 4, ალექსანდრე ბოჟაძემ და ანდრია ბურჯალიანმა - 3-3, საბა ბუიღლიშვილმა და ნიკოლოზ მამულაშვილმა - 2-2, ხოლო თითო-თითო ბურთით თავი შოთიკო ახვლედიანმა, ნიკოლოზ ბოჟაძემ, საბა შუბაშიშვილმა და ნიკოლოზ ნარიმანიძემ გამოიჩინეს.
3 ტურის შედეგებით, ჯგუფს ბელგიისა და საქართველოს ნაკრებები უდანაკარგოდ ლიდერობენ, მესამე პოზიციაზე კი ბულგარეთია, რომელსაც 2 გამარჯვება აქვს.
6 აგვისტოს ჩვენი გუნდი შეხვდება 1-მოგებიან კოსოვოს, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს (8 აგვისტოს).