დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის ლიდერობა ერთდღიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა.
რუსთავთან გუშინდელი გასვლითი გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში თემურ ქეცბაიას დინამო თბილისი გადავიდა, დღეს კი ბათუმელებმა თავიანთ არენაზე მეექვსეადგილოსან სამგურალს 3:0 აჯობეს.
ანგარიში ბრაზილიელმა პაულო ვიქტორმა (სეზონში მე-2 გოლი) გახსნა, მაურიდესმა (სეზონში მე-4 გოლი) მეორე გოლი შეაგდო, ხოლო იმერელთა კარში ბოლო შედეგიანი დარტყმა ლევან შენგელიამ ჩაიწერა აქტივში, რომლისთვისაც ეს სადებიუტო გოლია ბათუმელთა რიგებში.
ყველა ტურნირის ეგიდით, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის დაუმარცხებელი სერია 14 მატჩამდე გაიზარდა, უშუალოდ ეროვნულ ლიგაში კი 23 ივნისის შემდეგ უკვე 11 ტურია აღარ აგებენ (9 მოგება, 2 ფრე).
ბათუმელები მეორეადგილოსან დინამო თბილისს 2 ქულით უსწრებენ. მათთან 1 ქულამდე მიახლოების შანსი ექნება იბერია 1999-ს, რომელიც 26 ოქტომბერს კრიზისში მყოფ ტორპედო ქუთაისს უმასპინძლებს.
დინამო ბათუმი მომდევნო ტურში, 1-ელ ნოემბერს, კვლავ ბათუმი არენაზე ითამაშებს და მიიღებს ბოლოადგილოსან მეშახტეს, რომელმაც ამ ტურში გორის დილას 2:1 მოუგო და წლევანდელი ეროვნული ლიგის 30 ტურში მე-3 გამარჯვება იზეიმა (მათგან ორჯერ - დილასთან).