მანჩესტერ სიტის გარემარბს, ჟერემი დოკუს, სჯერა, რომ „ქალაქელებს“ რეალთან დაპირისპირებაში სიტუაციის გამოსწორება შეუძლიათ.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ინგლისური კლუბი მადრიდში 0:3 დამარცხდა.
„სიგიჟე იქნება, რომ ვთქვა, შანსი არ გვაქვს-მეთქი. რა თქმა უნდა, მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ფაქტია — მათ ჩვენ სამი გოლი გაგვიტანეს, ჰოდა, ჩვენ რატომ ვერ შევძლებთ იმავეს?
ეტიჰადზე ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა და მეტოქეზე ზეწოლა გვჭირდება. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ ჩვენ კვლავ გვჯერა წარმატების“, – განაცხადა დოკუმ.
საპასუხო მატჩი სამშაბათს, 17 მარტს, მანჩესტერში გაიმართება.