ბორუსია დორტმუნდმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მეორე ადგილი ოფიციალურად გაინაღდა.
სეზონის ბოლო საშინაო მატჩში, რომელიც სიგნალ იდუნა პარკზე გაიმართა, მასპინძლებმა ფრანკფურტის აინტრახტი დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხეს.
მატჩი დორტმუნდისთვის ცუდად დაიწყო. უკვე მეორე წუთზე სტუმრები ჯან უზუნის გოლით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში შემოაბრუნეს თამაში: ჯერ სერჰუ გიუირასიმ გაათანაბრა ანგარიში იულიან რაიერსონის პასით (ეს რაიერსონისთვის სეზონში მე-14 საგოლე გადაცემა იყო), ხოლო შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ნიკო შლოტერბეკმა თავური დარტყმით წინ გაიყვანა თავისი გუნდი.
მეორე ტაიმში თამაში შედარებით დამშვიდდა, თუმცა 72-ე წუთზე 18 წლის იტალიელმა ტალანტმა, სამუელე ინაჩიომ, ბუნდესლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს ფრანკფურტმა ბურკარდტის გოლით ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო.
ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ ყვითელი კედლის წინ ბოლო მატჩი ჩაატარეს ნიკლას ზიულემ და სალიჰ ოზჯანმა, რომლებიც ზაფხულში კლუბს დატოვებენ.
მიუხედავად მეორე ადგილისა, დორტმუნდისთვის ეს ზედიზედ მეხუთე წელია, როდესაც სეზონს ტიტულის გარეშე ასრულებენ. რაც შეეხება ფრანკფურტს, მათ ევროთასებზე მოხვედრის შანსი მინიმუმამდე შეუმცირდათ.