მილანის ინტერი, დენზელ დუმფრისის რამდენიმეთვიანი არყოფნის გამო, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მარჯვენა ლატერალის ძებნას შეუდგა და ერთი გამოკვეთილი კანდიდატიც ჰყავს.
პირველ რიგში, დუმფრისს დაზიანებულ კოჭზე ოპერაცია ჩაუტარდა და მოედანზე გასვლას 2-3 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.
იტალიური პრესა აქამდეც წერდა, რომ ჯუზეპე მეაცაზე დუმფრისის დუბლიორ ლუის ენრიკეს თამაშით კმაყოფილები არ არიან და ამ პოზიციის ფეხბურთელის დამატებაზე ზამთარშივე იფიქრებდნენ.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ყველაზე რეალისტურ კანდიდატურად არსენალის აკადემიაგამოვლილი და ამჟამად ჯენოაში მოთამაშე ბრუკ ნორტონ-კაფი ითვლება.
ინტერის ბოსებს 21 წლის მარჯვენაფლანგელის სააგენტო RocNation-თან კარგი ურთიერთობა აქვთ - რომელუ ლუკაკუს რამდენიმე სატრანსფერო ამბავში მონაწილეობდნენ, უკვე ნახსენებ ლუის ენრიკეს გარიგებაში ფიგურირებდნენ და ნერაძურის მარცხენა ლატერალ ფედერიკო დიმარკოს წარმოადგენენ.
GDS-ის თქმით, მილანელებს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ, თუმცა თუკი ნორტონ-კაფის შეძენაზე იფიქრებენ, 20 მლნ ევროს გადახდა მოუწევთ.
ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ძირითადის წევრ და 2025 წლის ევროპის ჩემპიონ ფეხბურთელს მიმდინარე სერია A-ს 15-დან 14 ტურში 90 წუთი აქვს ნათამაშები - 1 შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. აქტივში 1 გოლი და 1 ასისტი აქვს.
ჯენოას მთავარმა მწვრთნელმა, დანიელე დე როსიმ უდინეზესთან მატჩისწინა პრესკონფერენციისას, ნორტონ-კაფის ფიზიკურ ძალასა და მომზადებას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ საკუთარ ფეხბურთელებს გაეხუმრა, რომ 11 ნორტონ-კაფისთან დაპირისპირება მოუწევდათ (ბოლო წლებში უდინეზე სერია A-ში ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ათლეტური გუნდია).
იმავე Gazzeta dello Sport-ის ცნობით, ნორტონ-კაფის გარდა, ნერაძურის კანდიდატთა შორის ატალანტას საკუთრებაში მყოფი კალიარის მარჯვენა ლატერალი მარკო პალესტრა და ვერონას ალჟირელი რაფიკ ბელღალი არიან.