-
Aa
+
ფონტის ზომა
„როცა დავიბადე, ღმერთმა შემომხედა და თქვა: აი, ადამიანი!“ — ეს სიტყვები რიო-დე-ჟანეიროს უკიდურესად ღარიბ ფაველა ჟაკარეზინიოში დაბადებულ თამამ ბიჭს ეკუთვნის, რომლის მშობლებსაც შვილის ასთმისთვის წამლის ფული ძლივს ჰქონდათ, თუმცა მათი თავდაჯერებული ვაჟისთვის ბურთის გორებაში არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობდა და ფეხბურთიც უმალ იქცა რომარიოსთვის სუნთქვის პრობლემების წამლად.
„ოთხი წლისას ასთმა მქონდა და ცუდად მეძინა ხოლმე. ღამით, თუკი ჩაძინება მიჭირდა, ერთ ხელს მამას ვკიდებდი, მეორე ხელით კი ბურთს ვწვდებოდი. მაშინვე ბურთით ვიყავი მოხიბლული, მისი უბრალოდ გაგორებაც კი მყოფნიდა ბედნიერებისთვის“, — იხსენებდა რომარიო დე სოუზა ფარია.
პატარა ასაკში გვიანი ღამეების ამ „მკურნალობამ“ დიდი ფუნდამენტის ჩაყრას შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ „ვასკო და გამას“ ახალგაზრდულ გუნდებში მალევე გამოირჩა და პროფესიონალური დებიუტიც 1985 წლის დასაწყისში ჰქონდა, ბევრი რამ მაინც რომარიოს საწინააღმდეგოდ იყო: სიმაღლით იგი სულ რაღაც 165 სანტიმეტრი გახლდათ და თავდამსხმელის პოზიციაზე საკუთარი თამაშის პოვნის მცდელობაში ნაკლებად აფასებდნენ.
თუმცა, რომარიოს ამბიცია არ აკლდა და 1985 წელს, „ვასკოს“ მწვრთნელ ანტონიო ლოპესს ვარჯიშის შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოსთხოვა: რობერტო დინამიტე, გუნდის მთავარი მეგოლე და კაპიტანი, 185 სმ სიმაღლის 31 წლის ვეტერანი, რომელმაც კლუბში 15 წელზე მეტი გაატარა, გუნდიდან უნდა გაეშვათ.
„მე უკვე მასზე უკეთ ვთამაშობ“, — ამაყად განუცხადა 19 წლის ტანმოკლე ბიჭმა დამრიგებელს.
ცხადია, ლოპესი არ აპირებდა ლეგენდარული ფორვარდის ჩანაცვლებას გამოუცდელი ყმაწვილით და ხსენებულ მოთხოვნაზეც გულიანად გაეცინა, რომარიოს კი შეახსენა, რომ იმ წლის სეზონში გამართულ 15 თამაშში 16 გოლის გამტან რობერტოს „ჯერ კიდევ კარგად ეხერხებოდა გოლების გატანა“.
საბოლოოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით კომპრომისი შედგა: თინეიჯერი ფორვარდი ფლანგზე ითამაშებდა ვეტერანი ფორვარდის დასახმარებლად.
იმავე წლის აგვისტოში, რიოს შტატის ჩემპიონატის მატჩში „ნოვა-ვენესიას“ წინააღმდეგ, რომარიოს ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშის შანსი მიეცა, როდესაც მთავარი ვარსკვლავი რობერტო დინამიტე ტრავმირებული იყო და ნიჭიერმა ახალბედამაც დუბლი შეასრულა.
რომარიომ კაპიტანთან ერთად ფეთქებადი ტანდემი შექმნა და 1986 წლის შტატის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა „ვასკო“ სამმატჩიან ფინალში „ფლამენგოსთან“ დამარცხდა...
რობერო დინამიტემ, რომელსაც „ვასკო და გამაში“ ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების რეკორდები ეკუთვნის, მოგვიანებით რომარიოზე თქვა: „იცით, როგორი იყო რომარიოსთან ერთად თამაში, როცა ის 20 წლის იყო? ერთადერთი, რაც უნდა გექნა, მისთვის ბურთის მიწოდება იყო. მისკენ წამოსული ყოველი სამი ბურთიდან ორს აუცილებლად ახვევდა ბადეში. ის საუკეთესო ცენტრფორვარდია, ვინც კი ოდესმე მინახავს.“
20 წლის რომარიომ ერთ-ერთ ჟურნალს განუცხადა, რომ კარიერაში 1000 გოლს გაიტანდა, რასაც მიაღწია კიდეც, თუმცა იმ დროისთვის ყველას ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდა შეგნებული ის უზარმაზარი აურა, ეგო, ამბიცია და თავდაჯერებულობა რომელიც რომარიოს თანდაყოლილი ჰქონდა.
ბრაზილიამ 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე ფეხბურთელთა ბრწყინვალე თაობა გაგზავნა. ახალგაზრდულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის მომავალი ლეგენდები: კლაუდიო ტაფარელი, ბებეტო, მაზინიო და ჟორჟინიო ირიცხებოდნენ, მაგრამ მთელი ყურადღება "baixinho marrento"-ს (თავზეხელაღებული ჩია) მეტსახელის მქონე დაბალი თავდამსხმელისკენ იყო მიპყრობილი.
რომარიო შვიდი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ასპარეზობა ნიგერიის წინააღმდეგ დუბლით დაიწყო, მომდევნო შეხვედრაში კი ავსტრალიას ჰეთ-თრიკი შეუსრულა. ნახევარფინალში, როდესაც „კანარინიო“ დასავლეთ გერმანიასთან 0:1 მარცხდებოდა, სწორედ მან გაათანაბრა 79-ე წუთზე, რასაც პენალტების სერიაში ზუსტი დარტყმაც მიაყოლა.
ფინალში ბრაზილია საბჭოთა კავშირს შეხვდა, სადაც რომარიომ ანგარიში უკვე 29-ე წუთზე გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ფეხბურთელებმა შეძლეს თამაშის შემოტრიალება და დამატებით დროში გამარჯვება, რის გამოც ბრაზილიას ვერცხლის მედლებით დაკმაყოფილება მოუწია, 22 წლის ფეხბურთელი ოლიმპიადიდან ოქროს ფასად დაბრუნდა.
რომარიომ „ბარსელონას“ და მადრიდის „რეალის“ შემოთავაზებებს ზურგი აქცია და ევროპის ჩემპიონთა თასის მოქმედ გამარჯვებულ „პსვ ეინდჰოვენში“ გადასვლა არჩია.
ნიდერლანდები რომარიოსთვის ჯოჯოხეთურად მკაცრი იყო. ზამთარი ზედმეტად ბნელი და ცივი გამოდგა, ამიტომ ის ვარჯიშებს რეგულარულად აცდენდა. ცივ ჰოლანდიურ პირობებში სირბილის ნაცვლად, ბრაზილიელი ხშირად მიემგზავრებოდა სამშობლოში პლაჟის ფეხბურთის სათამაშოდ, თანაც იგი დიდი წვეულებების მოყვარული იყო, სახლში ზეიმებს აწყობდა და კლუბებში სიარული უყვარდა, სადაც ხშირად დილამდე რჩებოდა.
„ზოგ დილით ის ვარჯიშზე ფენომენალური იყო, ზოგ დღეს კი შეხედავდი და უმალ მიხვდებოდი, რომ ენერგია და ფეხები სახლში ან ღამის კლუბში დაეტოვებინა. ალკოჰოლს არ ეკარებოდა, კოკა-კოლის მოყვარული იყო, ბარებსა და კლუბებში კი ცეკვავდა, ქალებთან ერთობოდა, მერე კი მთელი დღე ეძინა“, — წერდა თავის ავტობიოგრაფიაში სერ ბობი რობსონი, რომელიც რომარიოს „პსვ“-ში 1990-90 წლებში წვრთნიდა.
სადებიუტო ჰოლანდიურ სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 თამაშში რომარიომ 26 გოლი შეაგდო, ერედივიზის საუკეთესო მეგოლე 19 ბურთით გახდა, ეინჰოვენურმა კლუბმა კი საშინაო ოქროს დუბლი შეასრულა, თანაც რომარიომ ნიდერლანდების თასის ფინალშიც გაიტანა.
რომარიო მოედანზე ზარმაცი ჩანდა, თუმცა მუდმივად ზუსტ დროსა და ზუსტ ადგილას ჩნდებოდა და საქმეს ბოლო წერტილს უსვამდა. ყველაფერი ისე მარტივად გამოსდიოდა, თითქოს ძალისხმევა არ სჭირდებოდა.
მომდევნო სეზონში ეინდჰოვენელთა თავკაცი გუუს ჰიდინკი უდისციპლინო შეგირდის მორჯულებას შეეცადა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მის დასჯას აზრი არ ჰქონდა — რომარიო თავის მოვალეობას ჩინებულად ართმევდა თავს, ისედაც და ასედაც. ბრაზილიელი კვლავ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (23 გოლით), თუმცა „პსვ“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა „აიაქსს“, სამაგიეროდ ქვეყნის თასი კვლავ მოიპოვა.
ნიდერლანდური კლუბი ჩემპიონთა თასის გათამაშებას კვლავ მეოთხედფინალში გამოეთიშა, მაგრამ რომარიო ოთხ მატჩში გატანილი ექვსი გოლით, ჟან-პიერ პაპენთან ერთად, ტურნირის თანაბომბარდირი გახდა.
იტალიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე რომარიო „სელესაოში“ იხმეს, თუმცა სებასტიაო ლაზარონიმ გუნდის შეტევა კარეკა-მიულერის დუეტზე ააწყო, ტანმორჩილი ფორვარდი კი სათადარიგო იყო და ბრაზილიის მიერ ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთში, მესამე ტურში, შოტლანდიასთან ითამაშა, იქაც 65-ე წუთზე შეცვალა მიულერმა. ფავორიტად მიჩნეულმა „კანარინიომ“, საერთო მოსაზრებით, ნაადრევად დატოვა მუნდიალი, ყველა შეხვედრა ტურინში ითამაშა და 4 გოლის გატანა მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე შეძლო, რომლებიც წყვილად მიითვალეს კარეკამ და მიულერმა.
მესამე ჰოლანდიურ სეზონში, რა დროსაც გუნდს ინგლისელი ბობი რობსონი ედგა სათავეში, რომარიო კვლავ ერედივიზის გამარჯვებული და საუკეთესო მეგოლე გახდა, ამჯერად - 25 გოლით, „აიაქსელ“ დენის ბერგკამპთან ერთად. მან „ფეიენოორდს“ ოთხი გოლი გაუტანა, „აიაქსს“ კი - ორი.
ამ დროს რომარიო უკვე კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იყო და რობსონის თქმით, თანაგუნდელებს არ მოსწონდათ ის ფაქტი, რომ ბრაზილიელი მათზე ნაკლებს ვარჯიშობდა და გამუდმებით აგვიანებდა. ერთხელაც გუნდის ბელგიელ ვეტერანს, ერიკ გერეტსს ყველაფერი ყელში ამოუვიდა და ყველას თვალწინ ხმამაღლა წაუკითხა მორალი ბრაზილიელს, თუმცა ამაოდ - რომარიოს საყვედური გულთან ახლოსაც არ მიუტანია…
1991-92 წლების სეზონის დიდი ნაწილი რომარიომ ტრავმის გამო გამოტოვა და მხოლოდ 9 გოლის გატანა შეძლო. შემდეგ სეზონში კი კვლავ გაიხსენა მეკარეთა დამწუხრებისგან მიღებული სიამოვნება და ევროპის განახლებული უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (7 გოლით), მიუხედავად იმისა, რომ ეინდჰოვენელებმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს. რაც შეეხება შიდა პირველობას, „პსვ“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „ფეიენოორდს“, რომარიოს კი ბომბარდირის წოდებაში 4 გოლით აჯობა 26 გოლის გამტანმა დენის ბერგკამპმა.
ზაფხულში რომარიოს წასვლის დროც დადგა. ძველ დამრიგებელს, გუუს ჰიდინკს მისი „ვალენსიაში“ წაყვანა უნდოდა, მაგრამ მას ლეგენდარულმა იოჰან კრუიფმა დაასწრო რომელსაც თავისი რევოლუციური „ბარსელონა“ რომარიოს გარეშე ვერ წარმოედგინა.
გოლებით სავსე პრესეზონის შემდეგ, 27 წლის ბრაზილიელმა ლა ლიგა სადებიუტო ჰეთ-თრიკით დაიწყო „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ — ეს იყო იმ ხუთი ჰეთ-თრიკიდან პირველი, რომელიც რომარიომ სადებიუტო ესპანურ სეზონში მიითვალა: ორი მათგანი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ შედგა („ბარსამ“ პირველი 3:5 წააგო, შემდეგ კი იგივე ანგარიშით მოიგო „კამპ ნოუზე“), კიდევ ერთი ჰეთ-თრიკის მსხვერპლი „ოსასუნა“ გახდა, ყველაზე ცნობილი ჰეთ-თრიკი კი, რა თქმა უნდა, პრინციპული მეტოქის, მადრიდის „რეალის“ ხუთბურთიანი განადგურებისას შეასრულა.
რომარიო ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 33 მატჩში გატანილი 30 გოლით. მოედანზე ყოფნით იგი სიამოვნებას იღებდა და არც მოედნის მიღმა გართობაზე ამბობდა უარს. როდესაც რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი მოახლოვდა, ის კრუიფთან მივიდა და სამშობლოში წასვლის უფლება სთხოვა.
„თუ ხვალ ორ გოლს გაიტან, სხვა ფეხბურთელებთან შედარებით ორ დღეს დამატებით დასვენებას მოგცემ-მეთქი, მეორე დღეს, მატჩის მე-20 წუთზე რომარიომ დუბლი შეასრულა გაიტანა და მაშინვე მანიშნა, რომ წასვლა უნდოდა, ჩემი თვითმფრინავი ერთ საათში მიფრინავსო, სხვა გზა არ მქონდა, დავთანხმდი, რადგან პირობა შეასრულა“, — იხსენებდა ლეგენდარული „მფრინავი ჰოლანდიელი“.
„ბარსელონა“ იმ სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფაბიო კაპელოს გაწვრთნილ „მილანთან“ 0:4 განადგურდა. გათამაშების გზაზე კი რომარიომ მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.
მომდევნო სეზონში, როდესაც მასა და იოჰან კრუიფს შორის ურთიერთობა გაფუჭდა, რომარიომ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა და „ფლამენგოს“ შეუერთდა, თუმცა მანამდე კარიერისა და ცხოვრების მთავარი ტურნირი, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
„სელესაოს“ თავკაც კარლოს ალბერტო პარეირას საჯარო კრიტიკის გამო რომარიოს წესითა და რიგით მუნდიალი უნდა გაეცდინა, ის გუნდიდანაც მოკვეთეს, მაგრამ ბრაზილიელებს მოძულე ურუგვაელებთან სამკვდრო-სასიცოცხლო მატჩი ელოდათ, პარეირამაც საკუთარი სიამაყე დაძლია და რომარიოს ნაკრებში უხმო. ბრაზილიამ 2:0 მოიგო და თავადაც მიხვდებით, ორივე გოლი ვის ანგარიშზე იყო…
შეერთებულ შტატებში გამართული მსოფლიო პირველობა რომარიო-ბებეტოს თავდასხმის დუეტის ბენეფისად იქცა. მუნდიალზე მსოფლიომ კლასიკური რომარიო იხილა: ფეხის წვერით გატანილი რთული გოლით რუსეთის წინააღმდეგ, ტექნიკურად სწრაფი მიღება და კამერუნის მეკარის მოტყუება, შვედეთის ორ მცველს შორის გაძვრომა და შესრულება, ნიდერლანდების კარში ეფექტური ფინიში და შვედეთის ხელმეორედ დასჯა ნახევარფინალში თავურით.
ნერვიულ და დაძაბულ ფინალში დანიშნულ თერთმეტმეტრიანების სერიაში რომარიომ პენალტი შეასრულა, ბრაზილია მეოთხედ გაჩემპიონდა და ბრაზილიელი ფორვარდის ეგოც კიდევ უფრო გაიზარდა — ის ხომ „სელესაოს“ ტრიუმფის მთავარი შემოქმედი იყო...
მუნდიალზე გამარჯვებამ რომარიოს საფეხბურთო კარიერა თითქოს ორ სხვადასხვა ნაწილად გაყო. ჩემპიონობის შემდგომი პერიოდი, ძირითადად, სამ ბრაზილიურში კლუბში („ფლამენგო“, „ვასკო და გამა“, „ფლუმინენსე“) ყოფნას უკავშირდება, სადაც იგი კვლავინდებურად ბევრ გოლს იტანდა, თუმცა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ბრაზილიის მაისურის მორგება აღარ დასცალდა — იგი არც საფრანგეთში იხმეს და არც - ოთხი წლის შემდეგ კორეასა და იაპონიაში. არადა, ნაკრების ახალ ფენომენთან, რონალდო ნაზარიოსთან ერთად შთამბეჭდავი დუეტი შექმნა, რამაც 1997 წელს საფეხბურთო პლანეტა დაარწმუნა, რომ „სელესაო“ საფრანგეთში ტიტულს შეინარჩუნებდა. ხსენებულ კალენდარულ წელს რომარიომ 18 გოლი გაიტანა და ბრაზილიასთან ერთად კოპა ამერიკა და კონფედერაციათა თასი მოიგო.
რომარიოსთვის 1998 წლის მუნდიალის გაცდენის მიზეზად თუკი ტრავმა სახელდება, 2002 წლის ჩემპიონატზე არწაყვანას სხვადასხვა ფაქტორები ახლდა თან: მწვრთნელის პირადი დამოკიდებულება, დისციპლინარული საკითხი, ახალი ტაქტიკური სქემა, გუნდისთვის საჭირო ატმოსფერო და ა.შ.
როგორც ამბობენ, ლუიზ ფელიპე სკოლარიმ რომარიოს ამბიცია და ეგო ახლადშეკრულ ნაკრებს მოაშორა და მოიგო კიდეც — ბრაზილია ისე გახდა „პენტაკამპეაო“, რომარიოს ხსენება აღარავის დასჭირვებია...
რომარიომ ოცი წლის წინანდელი დანაპირები 41 წლის ასაკში აასრულა და მე-1000 გოლი გაიტანა. ეს „ვასკო და გამას“ შემადგენლობაში პენალტის შესრულებით მოხდა „რესიფეს“ წინააღმდეგ.
რომარიო დე სოუზა ფარია ფეხბურთის ისტორიაში შევიდა როგორც მოედნის აგრესიული გენიოსი, რომლისთვისაც მეტოქის საჯარიმო არა უბრალოდ საგოლე არეალი, არამედ პირადი სიამოვნების ზონა იყო. მისი უდარდელი და ეგოისტი ხასიათით გამოვლენილი აუღელვებელი საგოლე ალღო კიდევ უფრო ამაყსა და თავდაჯერებულს ხდიდა ბრაზილიელ თავდამსხმელს, რომლის გენიალურობა არა გაუთავებელი სირბილი, არამედ ზუსტი ინტუიციითა და ეფექტური შეხებით შესრულებულ გოლებში აისახა.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები