რეალის 19 წლის თავდამსხმელი, ენდრიკი, რომელიც იანვრიდან იჯარით ლიონში თამაშობს, საფრანგეთში დარჩენაზე ალაპარაკდა.
ბრაზილიელმა ტალანტმა Canal+-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი მომავალი ლიონის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზეა დამოკიდებული.
ენდრიკისთვის ლიონში გადასვლა კარიერის ერთგვარი გადატვირთვა აღმოჩნდა. მან საფრანგეთის ჩემპიონატის 13 მატჩში უკვე 10 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.
დავრჩები თუ არა ლიონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ჩვენ 6-თვიან იჯარაზე შევთანხმდით, მაგრამ თუ რეალში დაბრუნება მომიწევს, ამას სიამოვნებით გავაკეთებ. თუ სხვაგან წასვლა იქნება საჭირო, წავალ. ძალიან მინდა, რომ ლიონი ჩემპიონთა ლიგაზე გავიყვანოთ, მისი ადგილი სწორედ იქ არის
ბრაზილიელი ასევე ღიად საუბრობს თავის პოზიციაზე მოედანზე. მას სურს, რომ გუნდში ცხრა ნომერი იყოს და არა ფლანგის შემტევი:
„ჩემი საყვარელი მაისური ცხრა ნომერია. ცენტრში თამაშისას თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ, თუმცა მთავარია ვითამაშო, პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს.“
ენდრიკის რეალში დაბრუნების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ალვარო არბელოას გუნდში შეტევაში დიდი კონკურენციაა. მადრიდულმა გრანდმა უნდა გადაწყვიტოს: დააბრუნოს ფეხბურთელი სკამზე, თუ მისცეს განვითარების საშუალება იქ, სადაც გარანტირებული სასტარტო ადგილი აქვს.