ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენ კომპანიმ ვინისიუს ჟუნიორისა და პრესტიანის ინციდენტსა და ფეხბურთში რასიზმის პრობლემაზე ისაუბრა.
„ეს რთული თემაა. თამაშს ვუყურე და ძალიან დავინტერესდი. ამ ისტორიაში ორი განსხვავებული კომპონენტია. პირველი - რაც მოედანზე მოხდა; მეორე – რაც გულშემატკივრებთან დაკავშირებით მოხდა. და შემდეგ არის ისიც, რაც მატჩის შემდეგ მოხდა. საჭიროა მათი გამიჯვნა.
როცა თავად ეპიზოდს უყურებ და ხედავ, როგორ რეაგირებდა ვინი, ეს რეაქცია ვერ იქნება დადგმული. აშკარაა, რომ ეს ემოციური რეაქცია იყო. ვერ ვხედავ, რა სარგებელი უნდა ჰქონოდა მას, მსაჯთან მისვლით ასეთი ტვირთი დაეკისრებინა საკუთარ თავზე. იმ მომენტში მან ჩათვალა, რომ სწორად მოიქცა.
კილიან მბაპე ჩვეულებრივ ყოველთვის დიპლომატიურია, მაგრამ ამჯერად ძალიან მკაფიო იყო იმაზე, რაც ნახა და მოისმინა. შემდეგ არის ბენფიკას ფეხბურთელი, რომელიც მაისურში იმალებოდა, როცა რაღაცას ამბობდა. სტადიონზე ვიდეოში ჩანს, როგორ აკეთებდა ზოგიერთი ადამიანი მაიმუნის ჟესტებს.
ჩემთვის კი მატჩის შემდეგ მომხდარი კიდევ უარესია. ჟოზე მოურინიომ ფაქტობრივად ვინისიუს ჟუნიორის ხასიათს შეუტია, როდესაც მისი ზეიმის ტიპი მოიშველია იმისთვის, რომ იმ მომენტში მისი ქმედება დაეკნინებინა. ლიდერობის თვალსაზრისით ეს დიდი შეცდომა იყო.
გარდა ამისა, მოურინიომ ეუსებიოს სახელი ახსენა. მან თქვა, რომ ბენფიკა ვერ იქნება რასისტული, რადგან კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ეუსებიო იყო. იცით, რას გადიოდნენ შავკანიანი ფეხბურთელები 60-იან წლებში? იყო ის იქ, რომ ეუსებიოსთან ერთად თითოეულ გასვლით მატჩზე ემგზავრა და ენახა, რას გადიოდა? დღეს მისი სახელის გამოყენება, რათა ვინისიუს ჟუნიორზე არგუმენტი მოიყვანოს, ჩემთვის მიუღებელია.
სიმართლე რომ გითხრათ, დღევანდელ მოვლენებში ხშირად საკუთარ ადგილს ვერ ვხედავ, ამიტომ არ მინდა რომელიმე მხარეს მივეკუთვნებოდე. მე შევხვედრივარ ას ადამიანს, ვისაც ჟოზე მოურინიოსთან უმუშავია. არასდროს მსმენია ვინმესგან მასზე ცუდი სიტყვა. ყველა ფეხბურთელს უყვარს იგი. მესმის, როგორი ადამიანია, მესმის, რომ თავისი კლუბისთვის იბრძვის. ვიცი, რომ გულის სიღრმეში კარგი ადამიანია. ამაზე მისი განსჯა არ მჭირდება.
მაგრამ ისიც ვიცი, რაც მოვისმინე. მესმის, რა გააკეთა, თუმცა მან შეცდომა დაუშვა. იმედი მაქვს, მომავალში ეს აღარ განმეორდება და ერთად შევძლებთ წინსვლას.“ - განაცხადა ბელგიელმა სპეციალისტმა.
"როგორ შეუძლია მას ამის თქმა?" - ლილიან ტურამი მოურინიოზე