ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (RFEF) მკაცრად დაგმო იმ გულშემატკივრების ქცევა, რომლებიც სამშაბათს ღამით, ბარსელონაში, ესპანეთისა და ეგვიპტეს მატჩის დროს ანტიმუსლიმურ სიმღერებს მღეროდნენ.
ესპანიოლის RCDE სტადიონზე შეკრებილი პუბლიკის ნაწილი პირველი 10 წუთის განმავლობაში სკანდირებდა: „bote, bote, bote musulman el que no bote“, რაც ითარგმნება როგორც: „ვინც არ ხტუნავს, მუსლიმია ჰე,ჰე“.
შესვენებაზე სტადიონის ეკრანებზე გამოჩნდა გაფრთხილება ქსენოფობიური და რასისტული ქცევების წინააღმდეგ, რასაც სპიკერის განცხადებაც დაემატა. თუმცა, ფანებმა ამ მოწოდებას სტვენით უპასუხეს და მეორე ტაიმში შეურაცხმყოფელი სიმღერა კვლავ გააგრძელეს.
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მომხდარს გაუგონარი უწოდა:
ეს აუტანელია. მოძალადეები ფეხბურთს საკუთარი სივრცის მოსაპოვებლად იყენებენ. ისინი საზოგადოებას უნდა ჩამოშორდნენ და სტადიონებიდან რაც შეიძლება შორს იქნენ გაძევებულნი.
როგორ უპასუხა ლამინ იამალმა?
ბარსელონას 18 წლის ვარსკვლავი, ლამინ იამალი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თავად არის მუსლიმი. მან ეგვიპტესთან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა შესვენებაზე შეცვალეს.
ესპანური მედიის ცნობით, იამალი იყო ერთადერთი ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც საფინალო სასტვენის შემდეგ სტადიონი გულშემატკივრებისთვის მადლობის გადახდის გარეშე დატოვა. თვითმხილველების თქმით, მოზარდი მოედნიდან თავდახრილი, დაცვის თანხლებით გავიდა.
მომხდარს გამოეხმაურნენ მისი თანაგუნდელებიც. პედრიმ აღნიშნა, რომ ფეხბურთელები შოკირებულნი იყვნენ ამ შეძახილებით, ხოლო მეკარე ჟოან გარსიამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ფედერაციის მკაცრ პოზიციას ყოველგვარი დისკრიმინაციის წინააღმდეგ.