ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები მორიგ ურთიერთშეხვედრას 11 ოქტომბერს, ელჩეში გამართავენ.
აქამდე გუნდებს 8-ჯერ აქვთ ნათამაშები - ესპანელებმა 7-ჯერ მოიგეს, ჩვენ - ერთხელ. ესპანეთმა ბოლო ოთხი შეხვედრა ჯამში 18:3 მოიგო, სულ ბოლოს ევრო 2024-ის 1/8 ფინალში - 4:1.
ესპანელებს საქართველოსთან მატჩამდე 7-კაციანი დანაკლისი აქვთ - ლუის დე ლა ფუენტეს ლამინ იამალის, როდრის, ფაბიან რუისის, დანი კარვახალის, დინ ჰაუსენის, ფერმინ ლოპესისა და ნიკო უილიამსის გამოყენების საშუალება არ აქვს.
საქართველოს გიორგი ჩაკვეტაძე აკლია, ესპანეთთან ასევე ვერ ითამაშებს ლუკა ლოჩოშვილი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს, თუმცა თურქეთთან უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ხვიჩა კვარაცხელია ბოლო საკლუბო მატჩებში ტრავმიანობდა, მაგრამ სანაკრებო მატჩებს მზადყოფნაში ხვდება.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ესპანეთი და საქართველო 11 ოქტომბერს, ელჩეში, მანუელ მარტინესის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
მატჩს იმსაჯებს ლიეტუველი მანფრედას ლუკიანჩუკასი, რომელსაც VAR-ის ჯიხურიდან პორტუგალიელი ტიაგუ მარტინში დაეხმარება.