ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩამდე 3 დღით ადრე სრული, 26-კაციანი შემადგენლობა დაუბრუნდა.
გავრცელებული ცნობით, ლამინ იამალმა, ნიკო უილიამსმა და ვიქტორ მუნიოსმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს.
ამჟამად გუნდში ტრავმირებული ან გამოკლებული ფეხბურთელი არ არის და ყველა მოთამაშე ჩვეულ რეჟიმში ემზადება, რის შედეგადაც „ლა როხა“ პირველ შეხვედრას სრული შემადგენლობით ხვდება.
აქამდე ლამინ იამალი, ნიკო უილიამსი და ვიქტორ მუნიოსი ჩატანუგაში ინდივიდუალური აღდგენითი პროგრამით მუშაობდნენ, რის გამოც ისინი პერუსთან ამხანაგური მატჩისთვის პუებლაში არ გაემგზავრნენ.
ყველაზე მეტად ლამინ იამალის დაბრუნებას ელოდნენ. ესპანეთის სამწვრთნელო შტაბი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა მას შემდეგ, რაც 22 აპრილს, სელტასთან
მატჩში მიღებული ტრავმის გამო ის იძულებული გახდა აღდგენითი პროცესი გაევლო. ნიკო უილიამსს კი მაისში კუნთის პრობლემა აწუხებდა.
ორივე ფეხბურთელმა ჩატანუგაში გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტისთვის მზადების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, არც ლამინ იამალი და არც ნიკო უილიამსი კაბო-ვერდეს წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებიან.
მათი დაბრუნება ეტაპობრივად და ფრთხილად იგეგმება, თუმცა თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ორივემ შესაძლოა მოედანზე გამოსვლაც მოახერხოს.
ლუის დე ლა ფუენტემ უკვე მიანიშნა, რომ ბარსელონას ახალგაზრდა ვინგერი გარკვეული დატვირთვით თამაშში მონაწილეობის მისაღებად მზად იქნება.
ესპანეთი კაბო-ვერდეს 15 ივნისს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება.
ყველაფერი, რაც H ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026